საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 – სერტიფიკატი მიენიჭა, რომელიც ცენტრმა საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის - TÜV Austria - მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად მიიღო - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ცენტრში, ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ხარისხის გაუმჯობესება უწყვეტი პროცესია.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ცენტრის თანამშრომლებს, წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი არ არის - ის ცხადყოფს, რომ ცენტრის მუშაობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
საერთაშორისო კომპანია TÜV Austria-ს წარმომადგენლის განცხადებით, ISO 9001:2015 სერტიფიკატი ნიშნავს, რომ ცენტრი ასრულებს ყველა მოთხოვნას და პაციენტებს უწყვეტად უწევს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას, რის შედეგადაც კმაყოფილების დონე მუდმივად იზრდება.
ღონისძიება, ასევე, დაემთხვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღეს, რომელიც 20 აგვისტოს აღინიშნება. მიხეილ სარჯველაძემ, აღნიშნა, რომ ცენტრს ჰყავს მრავალი თავდადებული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელთა ყოველდღიური შრომა პაციენტების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრის მძღოლებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას“ - ნათქვამია ინფორმაციაში.