მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში სამუშაო ძალა 1 633.6 ათას კაცს შეადგენს. უმუშევრობის დონე კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 14.7% შეადგინა. ბოლო რამდენიმე წელია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ნარჩუნდება. აღნიშნულის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, ერთ-ერთია მიგრაცია. 2014-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის შედეგად, პოტენციური სამუშაო ძალა 197.2 ათასი კაცით შემცირდა. 2024 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, საიდანაც 85.8 % შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენდა.

რატომ ტოვებენ შრომისუნარიანი მოქალაქეები ქვეყანას და სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიან? ამ საკითხზე ,,კომერსანტი“ ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტს დინა ასლამაზიშვილს ესაუბრა. ის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქართული კომპანიების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებსა და ანაზღაურებას შორის შეუსაბამობას ასახელებს. დინა ასლამაზიშვილი განმარტავს, რომ სამუშაო ბაზარზე დღეს ხელმისაწვდომია საერთაშორისო კომპანიების ვაკანსიებიც და საქართველოს მოქალაქეს გლობალურ კომპანიაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვს. ისინი დასაქმებულებს უკეთეს ანაზღაურებასა და განვითარების მეტ პერსპექტივას სთავაზობენ.

,,ბაზარზე არიან ქართული კომპანიები და ასევე არიან საერთაშორისო კომპანიები. ანაზღაურება და პირობები ამ კომპანიებში სხვადასხვაა. როდესაც ადამიანი მიდის ბაზარზე, როგორც სპეციალისტი და უნდა იპოვოს სამსახური ხედავს, რომ კომპანიებში პირობები სხვაა და ხელფასი სხვა. თუნდაც რომ განვიხილოთ სტუდენტი, რომელიც სტაჟირებაზე მიდის. კომპანიებში განსხვავებულია დონე, განვითარების შესაძლებლობები. ამას რომ ხედავს სტუდენტი ფიქრობს - მე წავალ ევროპაში ან ამერიკაში (რომელიც შორსაა და ძვირია) დავამთავრებ მაგისტრატურას. საზღვარგარეთ, რომ ამთავრებენ მაგისტრატურას ფიქრობენ, რომ საერთაშორისო კომპანია მათთვის უფრო შესაფერისია. ის მისცემს განვითარების მეტ შესაძლებლობას. ქართულ კომპანიებშიც ძალიან კარგი პირობებია. განსხვავებული კომპანიებია, მაგრამ შედარებით ფართო ბაზარი არის საერთაშორისო ბაზარი. არსებობს დისტანციურად და ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა. აქ ახალგაზრდებისთვის უკეთესი პირობებია. ისინი ეძებენ და ეძებენ შესაბამის სამსახურს. როცა ადამიანი ამთავრებს განათლების მიღებას ეს მომენტი არსებობს, რომ ის ეძებს განვითარების საშუალებებს.’’- აცხადებს დინა ასლამაზიშვილი.

ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი ქვეყნიდან ახალგაზრდების გადინების კიდევ ერთ მიზეზად იმედგაცრუებას ასახელებს. დინა ასლამაზიშვილი აცხადებს, რომ განათლების მიღების პერიოდში სტუდენტები ბევრ რესურსს დებენ და როდესაც სამუშაო ბაზარზე გადიან იმედგაცრუებას აწყდებიან.

,,სტუდენტები დებენ ინვესტიციას, შრომას და მოლოდინი აქვთ. 15 წლის წინ სტუდენტებს სხვა მოლოდინები ჰქონდათ. ახლა ნამდვილად შეცვლილია მენტალიტეტი. მიზნები და მოლოდინები უფრო სერიოზული აქვთ. არ უნდათ დიპლომი ჰქონდეთ როგორც უბრალო ფურცელი. უმეტესობამ იცის რა უნდა. როცა ხედავენ, რომ ანაზღაურება დაბალია იმედგაცრუებულები რჩებიან.’’- აცხადებს დინა ასლამაზიშვილი.

რა შემთხვევაში არ ტოვებენ ახალგაზრდები ქვეყანას? კითხვაზე ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი გვპასუხობს, რომ თუ სწავლის დასრულების შემდეგ ადამიანები თვითრეალიზებას ახდენენ და შესაბამის ფინანსურ შედეგსა და განვითარების შესაძლებლობას იღებენ, ისინი ქვეყანაში რჩებიან. მისივე თქმით, კომპანიებმა კადრების შენარჩუნების მიზნით მიდგომები უნდა შეცვალონ და მათი მოთხოვნებით დაინტერესდნენ.  

,,თუ სტუდენტი საქართველოში რომელიმე ბიზნეს სკოლაში სწავლობს, ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, რომ მისი ბიზნესი იქნება წარმატებული. მყავს ბევრი სტუდენტი, რომლებმაც უკვე დაამთავრეს მაგისტრატურა და დაიწყეს პატარა კომპანიიდან. შემდეგ თავის ბიზნეს იწყებენ და წარმატებულები არიან. ეს ხალხი აქ რჩება. არ მიდიან. მიზეზი არის ის რომ იწყებენ ბიზნესს და საქმე კარგად მიდის. საჭიროა არსებობდეს ფინანსური განვითარების უკეთესი პირობები. კომპანიებმა უნდა შეცვალონ მიდგომები. მოთხოვნები შეიძლება იყოს მაღალი, მაგრამ ეს მოთხოვნა თუ არის, მისი შესაბამისი უნდა იყოს შედეგი, რასაც დასაქმებული იღებს. მოთხოვნა თუ არის გიჟივით მუშაობა და ბევრი სტუდენტი მუშაობს ასეთ რეჟიმში, ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი. თუმცა არის საქართველოში კომპანიები, რომლებიც ქმნიან პირობებს, ამზადებენ კადრებს, ამართლებენ ახალგაზრდების მოლოდინებს.’’- აცხადებს დინა ასლამაზიშვილი.

ახალგაზრდების გარდა კომპანიებმა ძველი თანამშრომლების განვითარებაზეც უნდა იზრუნონ. ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი ამბობს, რომ ხშირად კომპანიებში ძველი თანამშრომლები იკარგებიან და ახალ მოთხოვნებს ვერ პასუხობენ, თუმცა კომპანიებმა მათი ცოდნა და გამოცდილება უნდა გამოიყენონ და მათ ახალი უნარების ათვისებაში დაეხმარონ.

,,მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ახალგაზრდების მიმართულება არ იყოს პრიორიტეტული. უნდა იყოს ყურადღება გამოჩენილი ასაკოვანი კადრების მიმართ. საჭიროა მათი გადამზადება. მაგალითად, მე უკვე 42 წლის ვარ და ვხედავ, რომ მჭირდება უკვე ახალი ტენდენციების ათვისება. ვინც 50 წლის არის, მას მეტი განვითარება სჭირდება. ქართულ კომპანიებში სამწუხაროდ არ აქცევენ ამას ყურადღებას. ასაკოვანი კადრებისთვის საჭიროა ყურადღების გამოჩენა, რომ არ დაიკარგონ. სამწუხაროდ, ბევრ კომპანიაში ძველი კადრები იკარგებიან. ეს ადამიანები ნამდვილად პროფესიონალები არიან. უბრალოდ საჭიროებენ გადამზადებას და განვითარება. შესაძლოა ეს კადრები მენტორებად ვაქციოთ, რომ ახალგაზრდებს ასწავლონ.’’- აცხადებს დინა ასლამაზიშვილი.