ამერიკულმა კომპანია Mattel-მა, Barbie-ს თოჯინებისა და Hot Wheels-ის მანქანების მწარმოებელმა, OpenAI-სთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები მისი ბრენდების მიხედვით სათამაშოებისა და სხვა პროდუქტების შესაქმნელად იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
თანამშრომლობა საწყის ეტაპზეა და პირველი რელიზი წელსვეა მოსალოდნელი, განუცხადეს სააგენტოს OpenAI-ის ოპერაციულმა დირექტორმა ბრედ ლაითკაპმა და Mattel-ის ფრენჩაიზის მთავარმა ოფიცერმა ჯოშ სილვერმანმა.
თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა შეიქმნას Mattel-ის პერსონაჟების ბაზაზე შექმნილი ციფრული ასისტენტები ან უფრო ინტერაქტიული სათამაშოები და თამაშები.
„ამ წარმოუდგენელი ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას მოგვცემს, ნამდვილად ხელახლა წარმოვიდგინოთ თამაშების მომავალი“, - განაცხადა Mattel-ის წარმომადგენელმა. სილვერმანის თქმით, Mattel გარიგების ფარგლებში OpenAI-ს არ გადასცემს თავის ინტელექტუალურ საკუთრებას ლიცენზიით და ინარჩუნებს სრულ კონტროლს მის მიერ შექმნილ პროდუქტებზე.
Mattel-ის გენერალური დირექტორი, ინონ კროიცი, კომპანიის უბრალო სათამაშოების მწარმოებლიდან პოპულარული პერსონაჟების მიხედვით ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და მობილური თამაშების შემქმნელად გარდაქმნას ისახავს მიზნად. OpenAI გეგმავს, კომპანიას ლეგენდარული ბრენდების საფუძველზე ახალი პროდუქტების შემუშავებაში დაეხმაროს.