„პრაქტიკულად, თურქული ავიაკომპანიებისთვის მომარაგების წყარო ვართ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ტურისტული სააგენტო „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი და გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი, მამუკა კელაურაძე აცხადებს.

ის დადებითად აფასებს ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა ამბობს, რომ აეროპორტის სარგებელი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ განახორციელებს ოპერირებას და როგორი იქნება საფასო კატეგორია.

„ძალიან კარგი იქნება ახალი აეროპორტის მშენებლობა, მაგრამ გააჩნია, ვინ იქნება ოპერირებაში ჩართული, რამდენად ნორმალური ფასები იქნება ავიაკომპანიების მომსახურების და აქედან გამომდინარე, რამდენად მომგებიანი იქნება ავიაკომპანიებისთვის ვაზიანის აეროპორტი“, - ამბობს კელაურაძე.

მისი თქმით, საინტერესოა ის, თუ ვინ იქნება მმართველი კომპანია. დღევანდელი მდგომარეობით, ძირითადად ოპერირებენ თურქული ავიაკომპანიები და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ვაზიანის აეროპორტის სარგებელი კითხვებს გააჩენს. ამავე ნაწილში კელაურაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აუცილებელია საქართველოს ჰყავდეს თავისი ავიაკომპანია.

„მნიშვნელოვანია, მმართველი კომპანია ვინ იქნება, რადგან დღევანდელ სიტუაციაში, პრაქტიკულად, თბილისი არის მიბმული თურქულ ავიაკომპანიებზე. რეალურად, გარდა თურქული ავიაკომპანიებისა, დაფრინავს სულ რამდენიმე, ძირითადი სიხშირეები არის სტამბოლის გავლით. პრაქტიკულად, ჩვენ თურქული ავიაკომპანიებისთვის მომარაგების წყარო ვართ“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ „ტურები ჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ადამია ასევე დადებითად აფასებს ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს რეისების გაზრდასა და ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას.

„კარგი იქნება იმ კუთხით, რომ, ალბათ, ახალი აეროპორტი მისცემს ავიაკომპანიებს იმის საშუალებას, რომ რეისები გაიზარდოს, ახალი ავიაკომპანიები შემოვიდეს ბაზარზე. ეს, რა თქმა უნდა, რაც როგორც ჩვენგან გამსვლელებისთვის, ასევე ტურისტების საქართველოში შემოსვლისთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა ნინო ადამიამ.

შეგახსენებთ, 8 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

bpn.ge