NASA-ს განცხადებით, მარსის ნიადაგის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც როვერმა Perseverance-მა 2024 წლის ივლისში შეაგროვა, შესაძლოა, უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნებს შეიცავდეს. საუბარია კრატერ ჯეზეროში აღმოჩენილ ქანზე, რომლის ზედაპირზეც „ლეოპარდის ლაქების“ მსგავსი დამახასიათებელი კვალია აღმოჩენილი. ამ ზონებში ნაპოვნია მინერალები - ვივიანიტი და გრეიგიტი, რომლებიც შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმების მონაწილეობით წარმოქმნილიყო.
NASA-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შონ დაფიმ, აღმოჩენას „მარსზე სიცოცხლის ყველაზე აშკარა მტკიცებულება“ უწოდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის პირდაპირი მტკიცებულება, არამედ შესაძლო ბიოსიგნატურა - ნიშანი, რომელიც შეიძლება ბიოლოგიურ პროცესებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ შემდგომ დადასტურებას მოითხოვს.
Perseverance-მა ნიმუში მდინარის დამშრალი კალაპოტის ფსკერზე აიღო, რომელიც მილიარდობით წლის წინ წყლით იყო დაფარული. მკვლევრების თქმით, „ლეოპარდის ლაქები“ შესაძლოა დაეტოვებინათ მიკროსკოპულ ორგანიზმებს, რომლებიც ნახშირბადს, გოგირდსა და ფოსფორს ენერგიის მისაღებად იყენებდნენ. თუმცა, ამ სტრუქტურების არაბიოლოგიური წარმოშობაც არ არის გამორიცხული.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საბოლოო დასკვნებისთვის ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანაა საჭირო. თუმცა, ნიადაგის დაბრუნების მისია გადაიდო და ლაბორატორიული ანალიზი შესაძლოა მხოლოდ 2040-იან წლებში გაკეთდეს. ამის მიუხედავად, აღმოჩენას უკვე უწოდეს შესაძლო სიცოცხლის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება როვერის მარსზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში.