აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ჩინეთთან „ტიკტოკის“ საკითხზე შესაძლო გარიგების შესახებ დაიწყებს საუბარს.

ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს „ტიკტოკის“ აპლიკაციის გაყიდვაზე გარიგება თითქმის შემუშვებული აქვს.

„თითქმის მივაღწიეთ გარიგებას. ახლა ვკითხავთ, ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს. დავიწყებთ ჩინეთთან საუბარს, შესაძლოა პრეზიდენტ სი-თან ან მისი წარმომადგენლებიდან ვინმესთან, მაგრამ თითქმის მივაღწიეთ გარიგებას „ტიკტოკზე“. ვფიქრობთ, ეს, ალბათ ჩინეთმა უნდა დაამტკიცოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ- ის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, ეწვიოს პრეზიდენტ სი ძინპინს ჩინეთში ან ჩინელი ლიდერი ეწვიოს შეერთებულ შტატებს.

„დარწმუნებული არ ვარ, დათანხმდებიან თუ არა გარიგებას, მაგრამ ასე ვფიქრობ. პრეზიდენტ სი-სთან შესანიშნავი ურთიერთობა არსებობს და ვფიქრობ, ეს მათთვის კარგია. ვფიქრობ, გარიგება კარგია ჩინეთისთვის და ჩვენთვისაც“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, გასულ თვეს აშშ-ის პრეზიდენტმა 17 სექტემბრამდე გაუხანგძლივა ვადა ჩინეთში დაფუძნებულ კომპანია ByteDance-ს აშშ-ში „ტიკტოკის“ აქტივების გაყიდვისთვის.