საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) უმსხვილესმა კონტრაქტორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი კრიტიკულ ზონებში 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას მოიცავდა. ბათუმის აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა გაორმაგდა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯმენტთან ერთად დაათვალიერა და გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, მგზავრთნაკადის წინასწარი პროგნოზით ისტორიული იქნება.
,,თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რეაბილიტირდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კრიტიკული ზონა. შესაბამისად ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, TAV Georgia-მ 25 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული ხელს უწყობს მგზავრთნაკადის ზრდას და შესაბამისად აეროპორტის ეფექტიან მომსახურებას.
ჩვენ, წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით. შესაბამისად, 1,2 მლნ მგზავრზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. მგზავრთნაკადი რომ შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდის 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის უკვე 32%-იანი მატება გვაქვს, რეისების კუთხით კი 35%-იანი ზრდა,-" განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მიმდინარე წელს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში დაგეგმილია მგზავრთა გაფრენისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის დამატებითი სპეცტექნიკა შეიძინა.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს