PwC-ის დიდი ბრიტანეთის ბიზნესში, თანამშრომლების რაოდენობა 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით 36 000-დან დაახლოებით 33 700-მდე შემცირდა, – მონაცემებს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ავრცელებს.
PwC-მ აღნიშნა „ზოგიერთ სფეროში სამუშაო ადგილების შემცირების რთული გადაწყვეტილება“, თუმცა არ დააკონკრეტა სამსახურიდან გათავისუფლების მასშტაბები.
ამავდროულად, თანამშრომლების ანაზღაურებისა და დაწინაურების ხარჯები წინა ფინანსური წლის დონეზე დარჩა.
PwC-ს დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 1000 პარტნიორი ჰყავს. 2025 ფინანსურ წელს მათ საშუალოდ 865,000 ფუნტი სტერლინგი (1.2 მილიონი აშშ დოლარი) გამოიმუშავეს, წინა წლის 862,000 ფუნტ სტერლინგთან შედარებით.
დიდი ბრიტანეთის ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი გასულ ფინანსურ წელს 0.4%-ით გაიზარდა და 6.35 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მიაღწია.