რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ხელახლა გაასაჩივრებს ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც მას 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუწესდა. გასული წლის დეკემბერში სასამართლომ სანქციები კანონიერად ცნო. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

აბრამოვიჩი უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ბიზნესმენმა ევროკავშირის სასამართლოს 8 აპრილს მიმართა და ამტკიცებდა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მისი საჩივრები სათანადოდ არ განიხილეს.

ევროკომისიის სპიკერმა მაშინვე არ უპასუხა აბრამოვიჩის მიმართვაზე კომენტარის თხოვნას, მაგრამ მანამდე თქვა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება იყო „კანონიერი და საკმარისად დამაჯერებელ საფუძვლებზე დაფუძნებული“.

შეგახსენებთ, რომ ჩელსის ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი, რომელსაც ასევე აქვს ისრაელის მოქალაქეობა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია და რუსეთის 20 უმდიდრეს ადამიანთა შორისაა. Forbes-ი მის ქონებას 9,7 მილიარდ დოლარად აფასებს.

ევროკავშირმა აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 15 მარტს დააწესა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტის ნაწილი.

აბრამოვიჩს ასევე დაექვემდებარა დიდი ბრიტანეთის სანქციები. მას ბრალი ედებოდა უკრაინის დესტაბილიზაციაში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შელახვასა და მუქარაში.