ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გაავრცელა.
„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მტკიცებით, მოსკოვი მხარეებს ახლო აღმოსავლეთში აგრესიის დასრულებისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისა და სიტუაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ კალაპოტში დაბრუნების პირობების შესაქმნელად ძალისხმევის გაზრდისკენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელებით, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ქარტია დაარღვია.
„ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე აშშ-ის თავდასხმებს და ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწვავებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ, ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები“, - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ გააერთიანონ ძალისხმევა, დაიცვან სამართლიანობა და იმუშაონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის უფრო ფართო გლობალურ ომში გადაზრდა არ უნდა დაუშვან და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, საფრანგეთმა შეშფოთებით შეიტყო აშშ-ის მიერ ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმები.
მისი თქმით, საფრანგეთს ამ დარტყმებში ან მათ დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია.
„საფრანგეთმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.
მისი თქმით, საფრანგეთმა არაერთხელ გამოთქვა თავისი მტკიცე წინააღმდეგობა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებასთან დაკავშირებით.
„საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხის ხანგრძლივი გადაწყვეტა მოითხოვს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, პარტნიორებთან თანამშრომლობით, წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
„იემენი ოფიციალურად ერთვება ომში,“ - აღნიშნულის შესახებ იემენის არმია პლატფორმა X-ზე იტყობინება.
„იემენი ოფიციალურად ერთვება ომში. თქვენი გემები ჩვენს ტერიტორიულ წყლებს მოარიდეთ. თუ აშშ მტერთან ერთად ირანის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთვება, წითელ ზღვაში, მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს დავუმიზნებთ“, - აცხადებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელი იაჰია სარი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
საუდის არაბეთი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოხატავს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ „კრიზისის დასასრულებლად პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნა სურთ“.
ომანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები ომის გაფართოების საფრთხეს ჰქნის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა გმობს სიტუაციის გაუარესებას და სახიფათო დაძაბულობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაბომბვამ კატასტროფული შედეგები გამოიწვია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
ცნობისთვის, წუხელ აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.