ივლისში აშშ-ში უპრეცედენტო მოვლენა დაფიქსირდა. ქვეყნის ბიუჯეტი პროფიციტზე გავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ თვეს ფედერალურმა მთავრობამ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ხარჯი გაიღო. აღნიშნულ თვეს ბიუჯეტის პროფიციტმა 27 მილიარდი დოლარი შეადგინა. საბაჟო შემოსავალი ივნისში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელს წარმოადგენს.

,,კომერსანტი“ დაინტერესდა რამ განაპირობა შტატების ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა. საკითხზე ჩვენ ეკონომიკურ ანალიტიკოსს დავით შატაკიშვილს ვესაუბრეთ. ანალიტიკოსს ვკითხეთ, იქონია თუ არა გავლენა ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა და ამ გზით მიღებულმა შემოსავლებმა? დავით შატაკიშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ტარიფების გავლენა ჩანს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში რა შედეგები მოჰყვება მას, ამის პროგნოზირება რთულია. მისივე თქმით, ბიუჯეტის პროფიციტის მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალია დეფიციტი, რომელიც დაახლოებით 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

,,ტარიფების დაწესებიდან დაახლოებით 3-4 თვეა გასული. (აპრილიდან შევიდა ძალაში ტარიფების ნაწილი) ნაადრევი დასკვნების გაკეთება, რომ ამან იმუშავა თუ არ იმუშავა ან გრძელვადიან პერიოდში რა ეფექტი ექნება, ძალიან რთულია. ამერიკაში სააღრიცხვო ანუ ფისკალური წელი, როცა ანგარიშგება ხდება (ბიუჯეტი დგება და ქვეყანაში გადასახადები იკრიბება) არის პირველი ოქტომბრიდან მომდევნო წლის სექტემბრის ბოლომდე. ამ პერიოდში თუ ამერიკის საბიუჯეტო დეფიციტს შევხედავთ (მიუხედავად ივნისში 27 მილიარდიანი ზრდისა) დაახლოებით არის 1,3 ტრილიონი დოლარი. ივნისის ზრდის მიუხედავად ეს მთლად დამაიმედებელი შედეგი ვერ შეიძლება იყოს.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ივნისში ბიუჯეტის ზრდას დიდი წილად ტარიფების დაწესებით ხსნიან. დავით შატაკიშვილი ამბობს, რომ რეალური შედეგების გამოსაკვეთად საჭიროა გრძელვადიან პერიოდზე დაკვირვება, თუმცა ამ ეტაპზე რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ამ ფაქტს ტრამპი საკუთარი ხისტი სატარიფო პოლიტიკის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

,,ბიუჯეტის პროფიციტი ივნისში დიდ წილად მიეწერა ტარიფებს. მოკლევადიან პერიოდში ტარიფების შეფასება ცოტა ნაადრევია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბიუჯეტში ძირითადი გადასახადების შემდეგ მე-4 ადგილზე იყო ტარიფებიდან და ზოგადად საბაჟო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. ერთი მხრივ, ამან შეიძლება განამტკიცოს ტრამპის ძალიან ხისტი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფები მუშაობს და ამერიკის ეკონომიკისთვის კარგია. ეს შეიძლება გარკვეულ წილად მისთვის იყოს მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია, რომ უფრო მეტი ტარიფი დააწესოს. თქვა კიდევაც, რომ 1 აგვისტოდან ახალი ტარიფები უნდა შევიდეს ძალაშიო და ჩვენი ბიუჯეტის პროფიციტი უფრო გაიზრდებაო.’’- განმარტავს დავით შატაკიშვილი.

ეკონომიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პროფიციტზე გავლენა იქონია ტრამპის გაცხადებულმა პოლიტიკამაც, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. აშშ-მა მრავალი პროგრამა დახურა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შედეგად, ბიუჯეტში დაახლოებით 187 მილიარდი დოლარი გამოთავისუფლდა. ხარჯების შემცირებამ კი დადებითი გავლენა იქონია.

,,აქ გასათვალისწინებელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს არის ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა ხარჯვით ნაწილში. მისი ხედვა იყო ის, რომ შეემცირებინა ქვეყნის ბიუჯეტის დანახარჯები. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი მუშაობდა, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი მიმართულებით შეამცირეს ხარჯები. მაგალითად, 27 მილიარდიან პროფიციტთან ერთად, რაც ივნისში დაფიქსირდა, მთავრობამ 187 მილიარდით შეამცირა ხარჯები. ხარჯების შემცირება და ბიუჯეტის პროფიციტი, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.“- აცხადებს დავით შატაკიშვილი.

ეკონომიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში ტარიფების ზრდას გავლენა ექნება ინფლაციაზე და შტატებში ფასები მოიმატებს. ინფლაციის არსებული მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. ამ ეტაპზე არ ფიქსირდება მისი ზრდის ტენდენცია, თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდი მაღალი ტარიფები უარყოფით გავლენას მოახდენს.

 

,,ძალიან რთულია დაიჯერო, რომ წესდება ტარიფები და ისეთი ტარიფები, როგორიც არის 25%-იანი და 50%-იანი და ამას არ აქვს გავლენა ფასებზე. ერთი შეხედვით ინფლაციის მაჩვენებლები არ არის საგანგაშო. შარშანდელთან შედარებით ინფლაცია მკვეთრად გაზრდილი არ არის. ასეთი ტენდენცია ჯერჯერობით არ ფიქსირდება, თუმცა მოკლევადიან პერიოდში შესაფასებლად ძალიან რთულია რაიმე კონკრეტული დასკვნები გააკეთო. გრძელვადიან პერიოდში (ჩემი სუბიექტური აზრია) თითქმის წარმოუდგენელი მგონია, რომ ტარიფები დააწესო და ამასთან ერთად ინფლაცია არ გაიზარდოს, შეუთავსებელი მგონია. ერთი ვარიანტია, რომ ბიუჯეტის ნამატი მოხდა იმიტომ, რომ ერთი მხრივ ტარიფებიდან შემოვიდა შემოსავალი. მეორე მხრივ, საბიუჯეტო ხარჯები იყო მკვეთრად შემცირებული. წინა თვეებში აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იყო და ბიუჯეტი დეფიციტში მიდიოდა, როგორც წინა წლებში. ფისკალურ პერიოდში შარშანდელიდან მოყოლებული დღემდე 9 თვეა გასული და ამ პერიოდში ამერიკის დეფიციტი საკმაოდ მაღალია. 1,3 ტრილიონი არის.’’- აცხადებს დავით შატაკიშვილი