ევროპა სანქციებს თუ დაუწესებს ჩინეთს, რომელიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, პეკინი მოსკოვზე ზეწოლას მოახდენს, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი მყიდველია.
„ისინი თუ დააწესებენ სანქციებს ან ტარიფებს, ან როგორც გინდათ, უწოდოთ, ჩინეთის წინააღმდეგ თუ გააკეთებენ ამას, ვფიქრობ, ომი შესაძლოა, დასრულდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან კარგი ურთიერთობა აქვს და პარასკევს სი ძინპინთან საუბარს გეგმავს. ასევე აღნიშნა, რომ ევროპელებს რუსეთზე გავლენის მოსახდენად სხვა ბერკეტებიც გააჩნიათ.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპა ჩინეთის წინააღმდეგ თუ რამეს მოიმოქმედებს, ვფიქრობ, ჩინეთი რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ღია ამ იდეის მიმართ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელსაც ტრამპი ლონდონში შეხვდა.
ცნობისთვის, სტარმერთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავალს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მთავარ ფაქტორად მიიჩნევს.