ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ნულოვანი გრავიტაციის პირობებში საკვების წარმოების ექსპერიმენტს იწყებს. თუ ტექნოლოგია წარმატებული იქნება, მას შეუძლია შეამციროს ასტრონავტების კვების ღირებულება და გაამარტივოს მომავალი მისიები მთვარესა და მარსზე – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამჟამად, საკვების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიტანა ძალიან ძვირია. ახალი მეთოდი უჯრედებიდან პროდუქტების პირდაპირ კოსმოსში გაზრდას გულისხმობს.
სააგენტომ უკვე გაუშვა ორბიტაზე გენმოდიფიცირებული საფუვრის უჯრედების შემცველი ბიორეაქტორი. როდესაც მოწყობილობა დედამიწაზე დაბრუნდება, ექსპერტები შეამოწმებენ, თუ როგორ იმოქმედა უწონადობამ და რადიაციამ პროცესზე.