17 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ისრაელისთვის ტარიფების დაწესების და ისრაელელი თანამდებობის პირების სანქცირების გეგმა წარადგინა.
გეგმით გათვალისწინებული ზომები, რომლებიც ჯერ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, ისრაელიდან იმპორტირებულ, დაახლოებით 5.8 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელზე ტარიფების დაწესებას ისახავს მიზნად. ამასთან, სანქციები შეეხება პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ორ მნიშვნელოვან წევრს: ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამირ ბენ გვირსა და ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩს.
გეგმის გამოცხადებისას კალასმა თქვა, რომ ევროკავშირმა მიზანმიმართულად აირჩია ისეთი მიდგომა, რომლითაც საზოგადოებას არ დასჯიდა და ნეთანიაჰუს მთავრობას ღაზის კონფლიქტში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უბიძგებდა.
“მინდა, გარკვევით განვაცხადო. ჩვენი მიზანი ისრაელის დასჯა არ არის. მიზანი ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებაა. ამიტომაც, ჩვენი შემოთავაზებები არ შეეხება ხალხს, თუმცა მნიშვნელოვან ზეწოლას მოახდენს ისრაელის მთავრობაზე”. - თქვა კალასმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
POLITICO წერს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მხრიდან გეგმის მიმართ წინააღმდეგობა არის მოსალოდნელი.
თავის მხრივ, ისრაელის მხრიდან მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდენ საარმა გააკეთა. მან ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ტერორისტული ჯგუფების გაძლიერებაში დაადანაშაულა.
“ღრმად შემაშფოთებელია, რომ თქვენ მსგავსი მიზნების დასახვით აძლიერებთ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია საშინელ დანაშაულებზე". - წერია POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში.