ლიეტუვურმა კვების პროდუქტების წარმოებისა და დისტრიბუციის კომპანია „ვიჩიუნაი ჯგუფმა“ (Vičiūnai Group), რომლის თანამფლობელი კაუნასის მერი, ვისვალდას მატიოშაიტისია, 2024 წლის აპრილში რუსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ბაზრებზე თავისი ბიზნეს-აქტივები 100 მილიონ ევროზე ოდნავ მეტად გაყიდა. ეს ინფორმაცია კომპანიის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმაც დაადასტურა.
სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისთან“ (BNS) საუბრისას, სამეურვეო საბჭოს წევრმა, დაინიუს მატიოშაიტისმა აღნიშნა, რომ გარიგებაში შევიდა ჯგუფის ბიზნესი რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა რუსულენოვან ქვეყნებში, უკრაინის გარდა. მისივე თქმით, მთლიანი ტრანზაქციის ღირებულება მოგების პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის ღირებულების გამოკლების (EBITDA) გათვალისწინებით გამოითვალა.
„ჩვენი ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც ფუნქციონირებდა რუსეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და სხვა რუსულენოვან ბაზრებზე, უკრაინის გარდა, გასული წლის დასაწყისში გაიყიდა, დაახლოებით რომ ვთქვათ, სამჯერ მეტად იმ EBITDA-ზე, რომელსაც ეს ბიზნესის ნაწილი გამოიმუშავებდა, რაც ჯამში დაახლოებით 100 მილიონს და ცოტა მეტს შეადგენს“, - განუცხადა მატიოშაიტისმა BNS-ს.
დაინიუს მატიოშაიტისი და ვისვალდას მატიოშაიტისისააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისი“ (BNS)
მიუხედავად იმისა, რომ გარიგების ზუსტი ღირებულება ოფიციალურად არ გახმაურებულა, BNS-ის და საკონსულტაციო ექსპერტების მიერ გაანალიზებული მონაცემებით, „ვიჩიუნაი ჯგუფმა“ დაახლოებით 76,7 მილიონი ევრო მიიღო კალინინგრადში დაფუძნებული კიბორჩხალის ჩხირებისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა „ვიჩიუნაი-რუს“-ისა და მასთან დაკავშირებული სავაჭრო კომპანია „ბალტკო“-ს აქციების 100 პროცენტის სანაცვლოდ, აგრეთვე არაპირდაპირ საკუთრებაში არსებულ სხვა საწარმოების საფასურთან ერთად.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, „ვიჩიუნაი ჯგუფის“ მშობელმა კომპანიამ, VG Holding-მა, დაახლოებით 25,4 მილიონი ევრო მიიღო რუსულ ლოგისტიკასა და ტრანსპორტთან დაკავშირებული ფირმების გაყიდვიდან, რომელთა შორის არის Fort Trans Logistika, LK Centrus, Frost Logistics, RefTerminal, ViciRusTrans და რამდენიმე სხვა კომპანია.
მატიოშაიტისის განმარტებით, ჯგუფის სტრუქტურიდან გამომდინარე, ზოგიერთი კომპანია გაიყიდა უშუალოდ „ვიჩიუნაი ჯგუფის“ მიერ, ზოგი კი - VG Holding-ის მიერ. მისი თქმით, ცალკეული კომპანიების მონაცემებიდან დასკვნების გამოტანა „მნიშვნელოვნად დაამახინჯებდა საერთო სურათს“.
„ვიჩიუნაი ჯგუფი“ (Vičiūnai Group)ე. ოვჩარენკო / სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისი“ (BNS)
„ბუღალტრული თვალსაზრისით, კომპანიამ ამ ტრანზაქციაზე ზარალი განიცადა, რადგან აქციების საბალანსო ღირებულება ოდნავ აღემატებოდა ტრანზაქციის თანხას“, - განაცხადა მან.
აქტივების გაყიდვა, რომელიც 2024 წლის აპრილში დასრულდა, 15 კომპანიას შეეხო, რომლებიც რუსული „ოკეან ჯგუფის“ ხელში გადავიდა. ლიეტუვური კომპანია რუსული ბიზნესის გასხვისებას 2022 წლის გაზაფხულიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცდილობდა.
„ვიჩიუნაი ჯგუფი“, რომელიც ზღვის პროდუქტების ბიზნესით არის ცნობილი, დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რათა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარი დაეტოვებინა.
წყარო: 1 არხი