ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. მან ეს ოფიციალურად დღეს, 31 ივლისს აცნობა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას.

პალუცკასმა დატოვა მმართველი კოალიციის წამყვანი პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაც.

პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებით გამოწვეული სკანდალი. ამ გამოძიების თანახმად, პალუცკასის და მისი ბიზნეს-პარტნიორის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ 200 ათასი ევროს შეღავათიანი კრედიტი მიიღო პრემიერ-მინისტრად პალუცკასის დანიშვნის შემდეგ. გარდა ამისა, პალუცკასის ოჯახთან კავშირის მქონე კომპანიამ ევროკავშირისგან მიღებული სუბსიდიის დიდი ნაწილი დახარჯა პალუცკასის კომპანიისგან შესყიდვებისთვის.

24 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ პალუცკასს ორი კვირის ვადა მისცა კორუფციასთან დაკავშირებული ეჭვებისთვის პასუხის გასაცემად.

ლიეტუვის ტელერადიოკომპანია LRT-ს ცნობით, პალუცკასმა დღეს, 31 ივლისს განაცხადა, რომ წარსულში შეცდომები ჰქონდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პატიოსნად საქმიანობდა და სერიოზული დარღვევები არ დაუშვია. მან გადადგომის მიზეზად დაასახელა თავის ახლობლებზე შეტევები.

ლიეტუვის მედიასაშუალებების მიერ დღეს გავრცელებული ცნობებით, ფინანსურ დანაშაულთა გამოძიების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ძმის ცოლის კომპანია Dankora, რომელმაც ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსება გამოიყენა პალუცკასის მიერ დაფუძნებული კომპანია Garnis-ისგან აკუმულატორების შესაძენად.

46 წლის გინტაუტას პალუცკასი ლიეტუვის მთავრობას 2024 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

radiotavisupleba.ge