საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 2025 წლის 1 ივლისიდან ზოგიერთ გარე საზოგადოებრივ სივრცეში მოწევა აიკრძალება. თამბაქოს ნაწარმის ფრანგმა მომხმარებლებმა ეს ზომა მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიიღეს.
„ერთ თვეში, პარკებსა და ბაღებში, პლაჟებზე, სკოლების მახლობლად, სპორტულ ობიექტებთან და ავტობუსების გაჩერებებზე სიგარეტებთან გამომშვიდობება მოგვიწევს“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კატრინ ვოტრინმა გაზეთ Ouest-France-თან 29 მაისს. ეს ზომა ელექტრონულ სიგარეტებზე არ ვრცელდება. ამ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის, დამრღვევი 135 ევროთი დაჯარიმდება.
პარიზის ერთ-ერთ პარკში მყოფი ხოსე ახალი შეზღუდვებით ცოტათი გაღიზიანებულია. ის, ოჯახთან ერთად, აპერიტივს მიირთმევს და დროდადრო პირიდან კვამლს უშვებს. „ეს ბევრს არაფერს შეცვლის, რადგან მოწევა ისედაც უკვე თითქმის ყველგან აკრძალული გვაქვს... მე ის უფრო მაცოფებს, რომ უნდათ, თითით საჩველებელი გაგვხადონ. თუ სიგარეტის მოწევა მომინდება, ამის გაკეთება უნდა შემეძლოს“, -ამბობს ის და მაშინვე მორიდებით ამბობს: „თუ გაწუხებთ, ჩავაქრობ“.
მწეველთა უმეტესობა, ვისაც გავესაუბრეთ, ამბობს, რომ ცდილობს, ბავშვებთან ახლოს არ მოწიოს. ერიკი, რომელსაც სიგარეტი თითებს შორის აქვს მოქცეული, ახალ აკრძალვებს ეთანხმება. „მოწევის აკრძალვა სპორტულ ობიექტებთან, სკოლებთან, განსაკუთრებით თუ ისინი დაწყებითია... ვფიქრობ, ეს ნორმალურია. მაგრამ პარკებში მოწევა მთლიანად რატომ უნდა აკრძალონ? ხომ შეიძლება, იქ მოსაწევი ზონები მაინც შექმნან. ეს კომპრომისი იქნებოდა. მითუმეტეს, ზაფხულში პარკის დატოვება ნაკლებად სასიამოვნოა“.
მთავრობას სურს, თამბაქოსგან მთლიანად თავისუფალი თაობა მოვიდეს. მაგრამ ორელის ამის არ სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ეწევა. ის თინეიჯერის დედაა. „ისინი ნაკლებად არიან სიგარეტის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ ეს მათ მოწევაში ხელს ვერ შეუშლის, რადგან არსებობს ელექტრონული სიგარეტები ან კიდევ უფრო უარესი რამ. და შესაძლოა, ამ შეზღუდვებმა ისინი სხვა რამის მოწევაში წაახალისოს“.
შვება არამწეველთათვის
იმენე პარკში თავის 3 წლის ვაჟთან ერთად პიკნიკით ტკბება. როდესაც მას მომავალი აკრძალვის შესახებ ეუბნებიან, სიხარულს ვერ მალავს. „ეს შესანიშნავი ამბავია როგორც ჩემი შვილისთვის, ასევე ჩემთვის, როგორც არამწევლისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ იმისთვის ვისჯებით, რომ არ ვეწევით, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი სივრცე, პირველ რიგში, მწევლებისთვის არის განკუთვნილი“.
ბერტრანისა და დიანისთვის, რომლებიც თავიანთ 1,5 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობენ, პარკში მოწევის აკრძალვა ბუნებრივი ამბავია. „ახლახან ვიპოვეთ სიგარეტის ნამწვი მიწაზე, რომლის აღებაც ჩვენმა ქალიშვილმა სცადა. და ეს პარკის შუაგულში ხდება, რაც აუტანელია“, - წუხს დიანა. თავის მხრივ, ბერტრანი პასიური მოწევით არის შეწუხებული. „ჩვენ მწვანე სივრცეში მოვდივართ, რომ სუფთა ჰაერზე ვიყოთ და სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ. ამიტომ, სხვისი კვამლის შესუნთქვა შემაწუხებელია“.
კვამლი, რომელიც არამწეველებს რესტორნების ტერასებზე აწუხებთ, აკრძალვის ირგვლივ მიმდინარე დებატებში მუდმივი თემაა. მაგრამ ეს ადგილები მწეველთათვის კვლავ ხელმისაწვდომია.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"