Oracle-ის აქციების ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც კომპანიამ Cloud-სერვისების მიწოდებაზე $30 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. გარიგების ღირებულება Oracle-ის მონაცემთა ცენტრების ბიზნესიდან მიღებულ წლიურ შემოსავალს თითქმის სამჯერ აღემატება.

მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ტექნოლოგიური ჯგუფი უკვე ხელმოწერილი კონტრაქტიდან შემოსავალს 2028 წლიდან მიიღებს. $30-მილიარდიანი ხელშეკრულების გავლენით, Oracle-ის აქციების ღირებულება 4%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს, $218.63-ს მიაღწია. რაც შეეხება თავად კომპანიას, მისი საბაზრო ღირებულება ბოლო მონაცემებით $615 მილიარდს უტოლდება.

Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორის, საფრა კატსის განცხადებით, კომპანიამ 2026 ფისკალური წელი Cloud-სერვისებზე რამდენიმე მსხვილი ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო. ცნობისთვის, 2025 ფისკალურ წელს Oracle-მა მონაცემთა ცენტრების ბიზნესიდან $10.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც სამჯერ ნაკლებია კომპანიის მიერ გამოცხადებული უახლესი გარიგების ღირებულებაზე.

Oracle-ს ამჯერად გარიგების მეორე მხარე არ დაუსახელებია, თუმცა მარტში კომპანიის დამფუძნებელმა ლარი ელისონმა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის Stargate-ის პროექტზე ისაუბრა. ელისონის ინფორმაციით, OpenAI-თან და SoftBank-თან $500 მილიარდის ღირებულების მონაცემთა ცენტრის პროექტზე პირველი კონტრაქტი „ძალიან მალე“ გაფორმდება. Stargate-ი ტრამპის მიერ ინიციირებული პროექტია, რომელშიც Oracle-ის ინვესტიცია $7 მილიარდით შემოიფარგლება.

წყარო: forbes.ge