ორმა ევროპულმა გეოპარკმა - მურგეოპარკმა (იტალია) და კოსტა კებრადამ (ესპანეთი) - UNESCO-ს გლობალური გეოპარკის სტატუსი მიიღეს – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. 

გეოპარკი მურგეოპარკი იტალიის სამხრეთით მდებარეობს. მისი ტერიტორია უძველესი ადრიატიკის ფილის ნაწილია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა აფრიკისა და ევროპის შესაყარზე. აქ შეგიძლიათ იხილოთ წყლის მიერ წარმოქმნილი ჩაღრმავებები, გამოქვაბულები და კანიონები. პარკში აღმოჩენილია უნიკალური პალეონტოლოგიური არტეფაქტები: ნეანდერტალელის ჩონჩხი, რომელიც გამოქვაბულის ნალექებშია შემონახული და მსოფლიოში დინოზავრის ნაკვალევის ერთ-ერთი უდიდესი კონცენტრაცია (დაახლოებით 25 ათასი ანაბეჭდი).

კოსტა კებრადას გეოპარკი მდებარეობს ესპანეთის ჩრდილოეთით, კანტაბრიის სანაპიროსთან. 120 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ტექტონიკურმა ძვრებმა მთები ზღვის ფსკერიდან ასწია, ხოლო ქარმა და წყალმა შექმნა ამჟამინდელი რელიეფი. კლდეებსა და პლაჟებზე უძველესი ზღვებისა და მდინარეების კვალი შეინიშნება. ადგილობრივი მცხოვრებლები ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, როგორიცაა უძველესი მშრალი ქვის მშენებლობა და ღვინის დაყენების პროცესი. ადგილობრივი ღვინოების უნიკალური გემოს შესანარჩუნებლად აქ უძველესი ყურძნის ჯიშების აღდგენა ხდება.