აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკრაინისთვის $500 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ეს 2026 წლის ფინანსური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტის ფარგლებში დამტკიცდა.
Reuters წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) არის ყოველწლიური საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალებს დაფინანსებას განსაზღვრავს და მათ უფლებამოსილებებს ანიჭებს. ის უზრუნველყოფს, რომ ამერიკულ ძალებს თავიანთი მისიების შესასრულებლად საჭირო რესურსები გააჩნდეთ.
NDAA, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 2025 წლის 9 ივლისს 26 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის 2028 წლამდე გახანგრძლივების შესახებ დებულებას შეიცავს და მისი დაფინანსების ზედა ზღვარს 500 მილიონ დოლარამდე ზრდის 2025 წლის 300 მილიონთან შედარებით.
ინიციატივა მიზნად რუსეთის მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.
Reuters აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ივნისში წარდგენილ ბიუჯეტის მოთხოვნაში შეტანილ სადავო ინიციატივას კრძალავს, რომელიც A-10 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების აშშ-ს ძალების რიგებიდან ჩამოწერას ითვალისწინებდა. კანონპროექტის მიხედვით, 2026 წლის ფინანსურ წელს A-10-ების რაოდენობა 103 ერთეულზე ნაკლებამდე არ უნდა შემცირდეს.
კანონპროექტი საკანონმდებლო პროცესს მომდევნო თვეებში გაივლის. აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატამ NDAA-ის პროექტის საკუთარ ვერსიაში უკრაინის მხარდაჭერის მაქსიმალური ზღვარი $300 მილიონი დატოვა.
NDAA-ს საერთო სახაზინო მხარდაჭერა $925 მილიარდს შეადგენს, მათგან $878.7 მილიარდი თავდაცვის დეპარტამენტს გადაეცემა, ხოლო $35.2 მილიარდი ენერგეტიკის დეპარტამენტს.
კანონპროექტი აშშ-ს შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად ხაზს უსვამს ტექნოლოგიური პროგრესის აუცილებლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, უპილოტო ტექნოლოგია და ჰიპერბგერითი იარაღი.