სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების” ნაციონალიზაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას forbes.ru ავრცელებს.
კომპანია ბიზნესმენ, პრორუს ოლიგარქს სამველ კარაპეტიანს (Forbes-ის რეიტინგში 44-ე ადგილი, ქონება - 3.2 მილიარდი დოლარი) ეკუთვნის.
შესაბამისი კანონპროექტის მიღებას 65-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 30-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სომხეთის პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტებიდან ირკვევა, რომ სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისია კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის უფლებას შეძლებს, თუ მის საქმიანობაში სერიოზული დარღვევები გამოვლინდება და გამოძიება ჩატარდება.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციის გეგმა 24 ივნისს დააანონსა. მან პირობა დადო, რომ პროცესი სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივ ჩარჩოში წარიმართებოდა.