გარემოს აქტიურმა დამცველმა და მხატვარმა, შონ კორკორანმა უზარმაზარი წარწერა - „თავისუფლება პალესტინას“ - იმ სანაპიროზე განათავსა, რომელიც კლერის საგრაფოში (ირლანდია) მდებარე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გოლფის საკურორტო სასტუმროს ესაზღვრება.
დუნბეგის სანაპიროზე (ირლანდია), 106 მეტრის სიგანის ინსტალაციის შესაქმნელად, შონ კორკორანმა ორ მეგობართან ერთად იმუშავა.
„უბრალოდ, განზე დგომა არ შემეძლო, როცა ღაზაში ასეთი სისასტიკე ხდება. ბევრის მსგავსად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავს მეც უსუსურად ვგრძნობდი. მინდა ისტორიის სწორ მხარეს ვიდგე. არ მსურს, ათი წლის შემდეგ, როცა უკან მოვიხედავ, ისეთი შეგრძნება გამიჩნდეს, რომ მდგომარეობის შესაცვლელად არაფერი გამიკეთებია“, - აღნიშნა მან.
კორკორანი ცნობილია ქვიშაზე დიდი ზომის ნახატების შესრულებით, რომლებსაც ის ირლანდიის სანაპიროებზე ბაღის ფოცხით ქმნის.
სხვადასხვა სამხატვრო პროექტის ფარგლებში, ის რეგულარულად ჩადის შეერთებულ შტატებში.
„ისრაელის აგრესიული ქმედებები აშშ-სა და სხვა ქვეყნების დახმარებით გახდა შესაძლებელი , რომლებიც მისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას აგრძელებენ“, - აღნიშნა მან.
„თუ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ ქვიშაზე გადამოტანილი ჩემი მოსაზრებები და ქმედებები ანტისემიტურია, სავსებით შესაძლებელია, ამერიკაში ჩემი ჩასვლის შემთხვევაში, დამაკავონ ან გამომაძევონ“.
„ინსტალაციის ადგილად დუნბეგში არსებული Trump International Golf Links-ი შევარჩიე. ვიფიქრე, რომ გამოვიყენებდი პრივილეგიას, რომელიც ამ დემოკრატიულ ქვეყანაში მაქვს მინიჭებული და რომელიც ჩემი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს“.
„მჯერა, რომ დადგა გარდამტეხი მომენტი, როდესაც პოლიტიკოსებმა, მზარდი საზოგადოებრივი აღშფოთების საპასუხოდ, რეაგირება უნდა დაიწყონ. აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა. ჩვენ ყველამ უნდა მოვითხოვოთ ცეცხლის შეწყვეტა. მოიქეცი სწორად, დონალდ ტრამპ!“, - დასძინა მან.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"