მარნების განვითარება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მცირე მარნების დამფუძნებლების ნაწილი  "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებენ, რომ  სახელმწიფოს მხრიდან დარგზე ხელშესახები მხარდაჭერა ხორციელდება, თუმცა,  იმისთვის, რომ მევენახეს განვითარების სურვილი კიდევ უფრო ჰქონდეს, აუცილებელია მხარდაჭერის გაფართოება/გაზრდა.

მათი ნაწილი სექტორის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას აცხადებს,რომ არის მთელი რიგი საკითხები/გამოწვევები, რომელთა გადაჭრაც, დარგს იმაზე უფრო მეტად წასწევს წინ, ვიდრე დღეს არის. მათ შორის, ესენია: სწორხაზოვანი მარკეტინგული ჩართულობა, სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, კარგი საკონსულტაციო სერვისები და ინფრასტრუქტურის განვითარება.

"ექიმის ბიო მარნის", "გახელაძის მარნის", "მარანი ველისციხურის" დამფუძნებლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მევენახის განვითარების მიმართულებით ჩართულია, თუმცა გააქტიურება და ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გადაჭრა, ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ხარისხის გაზრდაზე სარკისებური ეფექტით აისახება.

"საკუთარი ვენახი მაქვს, რომელიც 1 ჰექტარს მოიცავს. მცირე მეწარმეობას ვეწევი, თუმცა ორიენტირებული ვარ, რომ პრემიუმ ხარიხის ღვინო ვაწარმოო. ჯამში 3 ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინოს ვიღებ. კერძოდ, გაშენებული მაქვს: რქაწითელი, საფერავი და ხიხვი, ხოლო ვაწარმოებ -  საფერავს, რქაწითელს, ევროპულად დაყენებულ საფერავს და როზეს. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლების მხრიდან, თითქმის ყველა ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამჟამად, წარმადობა გავზარდე და 5 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ. ამ ყველაფრის პარალელურად, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

ხაზი მინდა გავუსვა, ღვინის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას - განსაკუთრებით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მხრიდან, რაც მეტია მარკეტინგული ჩართულობა მით უკეთესია, ცნობადობის გაზრდა ეს ძალიან აქტუალური საკითხია! უცხოეთში ყველანაირ ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს.

გამოწვევებს რაც შეეხება, ვფიქრობ, განსაკუთრებით ხელშეწყობა მცირე მარნებს სჭირდება. ძალიან კარგი საკონსულტაციო სერვისებია, მაგრამ უშუალოდ სხვადასხვა, აღჭურვის გრანტები, პროექტები, რომ იყოს ძალიან კარგი იქნებოდა", - აღნიშნავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის დამფუძნებელი, მარინა კაკიაშვილი- რუაძე.

"გახელაძის მარნის" წარმომადგენლის, ვიქტორ გახელაძის ინფორმაციით, სახელმწიფო მცირე მარნებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით გვერდში უდგას, თუმცა, ამ კუთხით  კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, მცირე მარნებს განვითარების საშუალებას მისცემს.

"ამ ეტაპზე, ნახევარი ჰექტარი ვენახი გვაქვს, ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვყიდულობთ. მხოლოდ მხოლოდ, მიკრო ზონის დამახასიათებელი ჯიშები გვაქვს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერი. ღვინოს ევროპული წესით ვამზადებთ. ამჟამად, 4 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. წელიწადში დაახლოებით, 3 500 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ და მომავალ წელს 5 000 ბოთლამდე გაზრდას ვვარაუდობთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, საინტერესო შედეგია. აუცილებელია - ძლიერი მარკეტინგული ჩართულობა, რომ ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ. მოგეხსენებათ, ღვინო შეიძლება კარგი გქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ამ ყველაფერს, როგორ მიაწვდი. პოტენციალი ქართულ ღვინოს აქვს, მაგრამ სხვადასხვა, საერთაშორისო მარკეტინგული ჩართულობა კარგი იქნება.

აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, კერძოდ, შეხვედრების მოწყობა, სადაც მევენახეების ჩართულობა აქტიური იქნება. უნდა ვიცოდეთ - სახელმწიფოს რა მიდგომა აქვს, რაში შეუძლია გვერდით დგომა... შესაძლოა, დიდ მეურნეს არ ჰქონდეს სურვილი, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების, მცირე მეურნეობისთვის კი მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ჩართულობა პრივილეგიების კუთხით არ უნდა მოხდეს - ძალიან კარგი იქნება, თუ განვითარდება და სიახლეების კუთხით, მეტად ინფორმირებული ვიქნებით. ასევე აუცილებელია ღვინის საერთაშორისო გამოფენების მიმართულების გააქტიურება - ბოლო დროს აქტუალური ჩინეთის მიმართულება  იყო, აღნიშნული ქვეყანა იქნება, თუ ევროპა აუცილებელია გამოფენებში მონაწილეობის კუთხით გააქტიურება. უფრო დეტალურად - მცირე მარნის წარმომადგენელი, როდესაც საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას იღებს, რომელიც პირობითად 15 000 ევრო ჯდება, სახელმწიფო  უნდა დაეხმაროს. ფინანსური სუბსიდირებას არ ვგულისხმობ, შეუძლია, უცხოეთში ღვინო თავად წაიღოს და განვითარებაში დაეხმაროს", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.

"მარანი ველისციხურის" დამფუძნებელი, მაია არუთინოვი გლეხის შრომის უფლებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან, სხვადასხვა, მიმართულების გაუმჯობესებით, მევენახის შრომა კიდევ უფრო უნდა დაფასდეს.

"ყურძენს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ვენახიდან ვიღებთ. წელიწადში დაახლოებით, 10 000  ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. სულ 8 სახის ღვინო გვაქვს: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ალადასტური და ქისი ევროპულად დამზადებული. განსაკუთრებული პოპულარობით არც ერთი მათგანი არ სარგებლობს, რადგან ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს მშრალი, ქვევრის ღვინო მოსწონს, ზოგს ევროპული წესით დამზადებული - მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. წარმადობის გაზრდას, რაც შეეხება, თუ მოთხოვნა გაიზრდება, ცხადია, ადეკვატურად ვიმოქმედებთ. ზოგადად, ღვინოს ადგილზე ვიზიტორებზე ვყიდით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი არ ვართ. 

სახელმწიფომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაზე უნდა იზრუნოს, სწორი მარკეტინგული ჩართულობა აუცილებელია. როგორც ვიცით, დღეს რეკლამა ყველაფერია... ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მევენახეებისთვის ხელის შეწყობა, რომ უფრო მეტად განვითარდეთ. დღეს გლეხს, მევენახეს განვითარების მიზეზი და სურვილი უნდა ჰქონდეს, ხელშეწყობა აუცილებელია", - აღნიშნავს გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარე "მარანი ველისციხურის" წარმომადგენელი, მაია არუთინოვი.

ტურიზმისა და ღვინის სექტორის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძეც. როგორც მან  გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ვიზიტორისთვის საქართველოში გადაადგილების დროს, მაგალითად, საპირფარეშოების პრობლება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. 

"თბილისში ინდუსტრიული ტურიზმი უფრო თვალსაჩინოა, ტურისტი, რომელიც ქვეყანაში 5-6 დღით ჩამოდის მისი დედაქალაქში 2-3 დღით გაჩერება საკმარისი იქნება. ვიზიტორის რეგიონებში გასვლა, ინფრასტრუქტურული მიმართულებით იქნება, კულინარიული დაინტერესებით, თუ დასავლეთში პირდაპირი ფრენით - ამ მიმართულებების განვითარება ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია. სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო - ინფრასტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ინფრასტრუქტურის საკითხი ყველაზე დიდი გამოწვევაა, მაგალითად, საპირფარეშოს პრობლება, მანიშნებლები და ა.შ. ტურისტისთვის კონკრეტულ ადგილზე მისვლა მარტივი უნდა იყოს, გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს", - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე.

წყარო: ბიზნესპარტნიორი