2 წლის წინ დაწყებული ოჯახური ბიზნესი გაკოტრების პირასაა. ,,აჯიკაია“ შესაძლოა დაიხუროს. კომპანია პროდუქციის ამოყიდვაზე გადავიდა. შემდეგ ეტაპზე კი ინვენტარის გაყიდვა იგეგმება. კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ გერგედავა არ გამორიცხავს, რომ გაყიდონ რეცეპტიც. მან საჯარო ვიდეო მიმართვა ,,აჯიკაიას“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ რამდენჯერმე იყო დახურვის საშიშროება, თუმცა კომპანიამ მაშინ შეძლო კრიზისის გადალახვა, თუმცა ამ ეტაპზე ,,აჯიკაია“ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. კომპანიას ვალი აქვს გადასახდელი და ცდილობენ თანხების მობილიზებას, რის გამოც პროდუქციის ამოყიდვაზე გადავიდნენ.
,,სრულად ამოყიდვაზე გადავდივართ, შემდეგ გადავდივართ ინვენტარის გაყიდვაზე. ალბათ ბოლოს ,,აჯიკაიას“ რეცეპტსაც გავყიდით. 2 წლის წინ მე და ჩემმა ქმარმა სამსახურები დავტოვეთ. სრულიად ,,აჯიკაიაზე“ გადავერთეთ. არაფრის დიდებით არ დავთმეთ. რამდენჯერმე დახურვის საშიშროება იყო. მაინც არ დავიხურეთ. იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქციას, საკუთარი ხელებით ვამზადებთ 2 წელია. ვცდილობდით, რომ ადამიანები დაგვესაქმებინა. ვცდილობდით, რომ გლეხებისთვის კარგი საქმე გაგვეკეთებინა. არაფერი არ გამოგვივიდა. გვაქვს სასწრაფოდ გადასახდელი ვალი. უნდა გადავიხადოთ და დავიხუროთ ალბათ. და ალბათ, ოდესმე ისევ გავიხსნებით. ამ ეტაპზე სასწრაფოდ თანხები არის მოსაბილიზებელი. ამიტომაც, უდიდეს აქციას ვუშვებთ. არ გეგონოთ, რომ რაღაცას ვადა გასდის და ვყიდით. არა. უბრალოდ გადავდივართ იმაზე, რომ ყოველგვარი მოგების გარეშე თანხები გადავიხადოთ. ამ ხნის მანძილზე ყველგან ვეძებეთ დაფინანსება, მაგრამ ვერაფერი. თანამშრომლების ხელფასებს ლოგიკურია ვეღარ გადავიხდით. საწარმოს იჯარასაც ვეღარ გადავიხდით. საბოლოო ამოყიდვაზე გადავდივართ.’’- ამბობს ,,აჯიკაიას“ დამფუძნებელი, მარიამ გერგედავა ვიდეო მიმართვაში.