საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში კოტეჯების მშენებლობა დასრულდა. საუბარია, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების 5 კოტეჯზე.
როგორც "ბარბალეს მარანის" დამფუძნებელი, ზვიად კორძაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამჟამად მიმდინარეობს ობიექტის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ვიზიტორების მიღება კი ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.
"მომდევნო წლიდან სასტუმროს მშენებლობას, მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყებთ, შევხედავთ კოტეჯები, როგორ იმუშავებს და იმის მიხედვით," - აღნიშნავს "ბარბალეს მარნის" დამფუძნებელი.
ზვიად კორძაძე "ბიზნესპარტნიორთან" "ბარბალეს მარანში" არსებულ ღვინის წარმოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია აშშ-ის მიმართულებით, ღვინის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.
"ამჟამად, მოლაპარაკებები გვაქვს აშშ-თან უკვე აღნიშნულ ბაზარზე წარმოდგენილი ვართ, მაგრამ გვინდა, რომ ექსპორტი გავზარდოთ. ჩვენ დიდი რაოდენობით ღვინო არ გვაქვს, მაგრამ ალბათ, აშშ-ში ღვინის ექსპორტს გავზრდით.
ასევე აქტიურად ვმუშაობთ ევროპის, კონკრეტულად, გერმანიის მიმართულებით. აშშ-თან მოლაპარაკებები, თუ წარმატებით დასრულდა, რისი ალბათობაც დიდია, ჩვენი პროდუქციის მინიმუმ 20% უცხოურ ბაზარზე გავა, დანარჩენი დიდი ნაწილი კი (80%), ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ადგილობრივ ბაზარზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების მიმართულებით ზრდა არ გვაქვს, ამიტომ გვინდა, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე (სასტუმრო, ბარი, რესტორანი) უფრო მეტად გავაქტიურდეთ. წელიწადში დაახლოებით, 3 000-მდე ბოთლი ღვინო იყიდება, წელს კი წარმადობის გაზრდას ვაპირებთ, ვფიქრობთ, 20 000 ბოთლამდე ავალთ...
ახლა, ექსპორტზე მხოლოდ აშშ-ში გავდივართ, ადგილობრივ ბაზარზე კი, 8 000 მოსავალში ვართ წარმოდგენილი, ასევე გვინდა - წელს, 8 000 მოსავლის უცხოური მაღაზიები მოვიცვათ. მოგეხსენებათ, რადგან დიდი რაოდენობის ღვინო არ გვაქვს, ქსელური მარკეტების მიმართულებით არ ვმუშაობთ. უშუალოდ ყურძენს, რაც შეეხება, ნედლეულს ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობთ, თუმცა ახლა ვენახის გაშენებაზეც აქტიურად დავიწყეთ, 5 000 ძირი უკვე დავრგეთ“ - აღნიშნავს "ბარბალეს მარნის" დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, "ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ 2014 წელს შექმნა. მარანი ამჟამად შინდისში მდებარეობს. "ბარბალეს მარანი" ამ ეტაპზე 8 სახის ღვინოს აწარმოებს. მათ შორის, ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.