2025 წელს მოცვის მოსავალი ქვეყანაში შემცირდა. მიზეზი ძლიერი ყინვა და დიდთოვლობა იყო. ყინვამ ყველაზე მეტად საადრეო ჯიშები დააზიანა. რიგ შემთხვევაში საყვავილედ გამზადებული კვირტების 90% გაიყინა.
,,საყვავილე კვირტების მინიმუმ 30% გაიყინა. პლანტაციაში -13 გრადუსი გვქონდა. მცენარის საყვავილე კვირტები უძლებენ -5-დან -7 გრადუსამდე ტემპერატურას. ზოგიერთ ჯიშებზე გაიყინა კვირტების 90%. ყველაზე დიდი ზარალი იყო საადრეო ჯიშები, რომელიც ყველაზე მეტად არის ჩვენთან გავრცელებული. ეს არის სტარი, ონილი, სუზი ბლუ. სხვათა შორის ნიუ ჰანოვერსაც მიაყენა ზიანი. მე საცდელი ნაკვეთიც მაქვს. ნახევარ ჰექტარზე მაქვს გაშენებული საცდელი ჯიშები. აქ სტარის, ონილისა და სუზი ბლუს მოყინვა იყო მინიმუმ 80%. რაც შეეხება საშუალო საადრეო ჯიშის მოცვს, აქ მოყინვა იყო 30-40%. თუმცა გასაკვირია, რომ ეს ყველგან ერთნაირად არ მოხდა. მაგალითად, გორაკებზე არ იყო დიდი მოყინვა. ერთ-ერთ პლანტაციაში ნიუ ჰანოვერზე ყინვას საერთოდ არ დაურტყამს. მაგრამ, მეტ ნაკლებად ყველგან იყო ზარალი. წელს 3 ტონაზე მეტი მოსავალი ავიღე, მაშინ როცა ველოდებოდი 5 ტონამდე. 4,5 ტონას მაინც. ეს იყო რეალური, ფაქტობრივი ზარალი.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში აგრო კონსულტანტი რევაზ პაჭკორია.
ყველაზე დიდი ზარალი გურიის რეგიონს მიადგა, სადაც მცენარემ თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო. შედეგად ბუჩქების დიდი ნაწილი დაიმტვრა. წელს რეგიონში მოსავლიანობა თითქმის 50%-ით შემცირდა. მცირე მოსავალმა კი მოცვის ფასის მატება გამოიწვია და ერთ კილოზე ფასი აქამდე დაფიქსირებული ღირებულების ყველაზე მაღალ ნიშნულს გაუტოლდა.
,,გურიაში ვიყავი ფერმერებთან. აქ დალეწილია მოცვი. რის გამოც გურიაში მოსავლიანობა განახევრდა. თოვლმა ჩამოგლიჯა ტოტები, დაამტვრია და შუაზე გახლიჩა მცენარე. 2 მეტრი თოვლი იყო რეგიონში. ამის გამო საერთო მოსავალს დააკლდა მოცულობა. ამან გამოიწვია ფასის აწევა. საადრეო ჯიშებზე ფასი 25 ლარიდან იწყებოდა. ახლა დავარდა და არის 10-11 ლარი. წელს ფასი იყო აქამდე არ ნახული.’’- აცხადებს რევაზ პაჭკორია.
მოცვის მცირე მსხმოიარობამ ნაყოფის მაღალი ხარისხი განაპირობა. - ,,ხარისხი უკეთესი იყო. ესე იგი დაიკლო მარცვლების რაოდენობამ, თუმცა სიმსხომ მოიმატა. ნაკლები ეხსნა წელს და ამან ხარისხი განაპირობა.’’- ამბობს რევაზ პაჭკორია.
აგრო კონსულტანტს ფინანსური ზარალის დასახელება უჭირს, რადგან ამბობს რომ დიდი მოსავლის პირობებშიც შესაძლებელი იყო მაღალი ფასის დაწესება. თუმცა, რადგან მოსავალი ცოტა იყო ზარალის თანხაში განსაზღვრა უჭირს. -,,იქნებ ისედაც მაღალი ყოფილიყო ფასი? მაშინ რა თქმა უნდა, ფინანსური ზარალი იქნებოდა. თუმცა ახლა არ ვიცით დიდი მოსავლის შემთხვევაში რა ფასი იქნებოდა ზარალის განსაზღვრა რთულია.’’- ამბობს რევაზ პაჭკორია.
აგრო კონსულტანტი მომავალ წელს უკეთეს მოსავალს პროგნოზირებს. რევაზ პაჭკორია განმარტავს, რომ მცენარეს მოსავლის გასაზრდელად წელს ნაკლები ენერგია დასჭირდა, რის გამოც ბუჩქებს ახალი და ძლიერი ტოტები გაეზარდათ.- ,,ბუჩქების ზრდა იმის გამო, რომ მცენარეს ენერგია ნაყოფზე არ ეხარჯებოდა მაღალი იყო. მცენარე გაიზარდა და სამომავლოდ სანაყოფე ტოტები კარგი და ჯანსაღია. მომავალ წელს იქნება კარგი მოსავალი. ბუჩქები ძალიან გაზრდილია და მოსავალი ბლომად იქნება.''- აცხადებს აგრო კონსულტანტი.