ქართულ ბაზარზე ტაქსის ახალი კომპანია „აქსელი“ შემოდის. ამის შესახებ საქართველოს ტაქსების ფედერაციის დამფუძნებელმა, ზურაბ აგლაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია მხოლოდ ელექტრომობილებით იქნება წარმოდგენილი და პრემიუმ კლასის მომხმარებლებს მოემსახურება.

„ჩვენს პარტნიორს, რიჩარდ ყურაშვილს აქვს აპლიკაცია, რომლითაც ნიუ-იორკში ემსახურება შშმ პირებს. აპლიკაციის საშუალებით, სპეციალური მანქანებით, ახორციელებს მათ მომსახურებას.

ჩვენ მის პლატფორმაზე ქართული ტაქსის აპლიკაცია გავაკეთეთ.  ახლა ვფიქრობთ მხოლოდ ელექტრომობილების შემოყვანას, რომ ნელ-ნელა ეკოლოგიას მივხედოთ და ჩავანაცვლოთ ეკოლოგიურად სუფთა მანქანებით.

საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს, დაბალფასიან ტარიფებში, კონკურენციას ვერ გავუწევთ. გადავწყვიტეთ ჩვენი ნიშა დავიჭიროთ.  ეს იქნება პრემიუმ კლასის ელექტრომობილები, რომლებიც პრემიუმ კლასის მომხმარებლებს მოემსახურება“.

აგლაძის თქმით,  აპლიკაციით სარგებლობა შეეძლებათ როგორც android-ის, ასევე ios სისტემის მომხმარებლებს.

„აპლიკაცია მზადაა და მისით სარგებლობა შეეძლებათ როგორც android-ის, ასევე ios სისტემის მომხმარებლებს.  მძღოლების კი, ვისაც ჰყავთ შესაბამისი მანქანები, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ ჩაერთონ ჩვენს აპლიკაციაში,“ - განაცხადა მან.

როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, პროექტი ჯერჯერობით ჩაშვებული არაა. როგორც ფინანსური, ასევე სატრანსპორტო ლოჯისტიკური საკითხები მოგვარების პროცესშია. 

ზუსტი თარიღი, როდის გამოჩნდება „აქსელის“ ტაქსები თბილისის ქუჩებში, ჯერჯერობით უცნობია.