როგორც მგზავრთა, ისე ტვირთის ტრანსპორტირება ლატვიიდან რუსეთსა და ბელარუსში და უკუმიმართულებით მცირდება, მაგრამ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს აგრესორი ქვეყნებითვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გამო ხდება. ასეთი დასკვნა სასაზღვრო დაცვის და საბაჟო სამსახურების, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დირექტორატის ანგარიშებიდან გამომდინარეობს, რომლებიც მათ სამშაბათს ლატვიის პარლამენტის შესაბამის კომიტეტს წარუდგინეს. ამ ინფორმაციას „ლატვიის რადიო“ ავრცელებს.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გადაკვეთა მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც გამგზავრების, ასევე შემოსვლის თვალსაზრისით.
ბელარუსის შემთხვევაში, შემოსვლების ნაკადი, რომელიც მთლიანად ერთადერთ მოქმედ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ პატერნიეკიზე მოდის, შემცირდა 35%-ით, ხოლო გამგზავრების მაჩვენებელი - 23%-ით.
რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ტერეჰოვაში 6%-ით ნაკლები ჩამოსვლა, მაგრამ 5%-ით მეტი გამგზავრებაა აღრიცხული, გრებნევაში კი - 35%-ით ნაკლები შემოსვლა და 9%-ით ნაკლები გამგზავრება.
სახელმწიფო საზღვრის დაცვის და საიმიგრაციო კონტროლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი რინალდს ბელისი ადასტურებს, რომ ტვირთის ნაკადები, მთლიანობაში, შემცირებულია.
„ამის მთავარი მიზეზებია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გატარებული ღონისძიებები. ყველაზე დიდი გავლენა, სავარაუდოდ, საბაჟო ადმინისტრაციის და ჩვენი თანამშრომლობის პარტნიორობამ იქონია, რომლის ფარგლებშიც გამკაცრდა კონტროლი სანქციების აღსრულებასა და ტვირთის ინსპექტირებაზე“, - ამბობს ბელისი.
მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი ტენდენცია შეინიშნება: საზღვრის როგორც ლატვიის, ისე რუსეთის მხარეს კონტროლის ინტენსიფიკაციის შემდეგ, მოლდოველმა გადამზიდავებმა გააცნობიერეს, რომ უფრო ხელსაყრელია ჯერ ბელარუსიაში შესვლა და რუსეთის საზღვარზე იქიდან გადასვლა.
შესაბამისად, მოლდოვადან რუსეთის მიმართულებით დანიშნული არარეგულარული სამგზავრო რეისების მარშრუტი შეიცვალა და ახლა ის ლატვიის ნაცვლად, ბელარუსის საზღვარზე გადის.
„მოლდოველი გადამზიდავი, რომელიც ხედავს, როგორ სირთულეებს აწყდება ტერეჰოვას გამშვები პუნქტის გადაკვეთის დროს, ახლა უკვე ბელარუსის შემოვლითი გზით სარგებლობს, რადგან მეტი მანძილის გავლის მიუხედავად, მაინც ბევრად უფრო სწრაფად აღწევს დანიშნულების ადგილამდე“, - აღნიშნა ბელისმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, საზღვარზე გადასატანი საქონლის საბაჟო შემოწმებას შეეხება. საბაჟო ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ, სანდრა კარკლინა-ადმინემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიაზე ტრანზიტით გამავალი ყველა ტვირთის დოკუმენტაცია მოწმდება. თუმცა, მისივე განცხადებით, ყველა ტვირთის ფიზიკური შემოწმება შეუძლებელია და ამიტომ, ადმინისტრაცია რისკის პრევენციაზე აკეთებს აქცენტს.
კარკლინა-ადმინემ ზუსტად ვერ ამბობს, თუ რა მოცულობის ტვირთი ექვემდებარება სიღრმისეულ შემოწმებას, მაგრამ ეს შეიძლება მთლიანი მოცულობის მხოლოდ 5 პროცენტი იყოს. ლატვიას სანქციების სფეროში დარღვევების გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ სანქცირებული საქონელი შესაძლებელია რუსეთში შევიდეს, მაგრამ ეს ფიქტიური დანიშნულების ქვეყნის, მაგალითად, ყაზახეთის მითითების გზით მოხდეს.
სანქციების შემოღების შემდეგ, ლატვიის ექსპორტი ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა. ასევე გაიზარდა სერბეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების რაოდენობა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი"