სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეფექტიანობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში უწყება მოვალეთა ქონების მოძიებასთან დაკავშირებულ სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს.
როგორც აუდისტის დასკვნაში წერია, ქონების მოძიება შედეგზე ორიენტირებული აღსრულების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა ამ მიმართულებით ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.
აუდიტის სამსახურის მტკიცებით, ბიურო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ისეთ გამოწვევებზე პასუხს, როგორებიცაა ინფორმაციის მოძიება კრიპტოაქტივზე, ფასიან ქაღალდებსა და სათამაშო ბიზნესში თანხის ვირტუალურად შენახვის საშუალებებზე. განსაკუთრებით პრობლემურია კრიპტოაქტივზე ინფორმაციის პროგრამულად მიღების შეუძლებლობა.
აუდიტის დასკვნაში დეტალურად არის განხილული კრიპტოაქტივების მოძიების პრობლემა. დოკუმენტში წერუია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი იწვევს ქონების სპეციფიკური სახეების წარმოშობას, მათ შორის კრიპტოაქტივებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, კრიპტოაქტივი ციფრულ აქტივად ითვლება, გააჩნია საბაზრო ღირებულება, შესაძლებელია მისი ყიდვა-გაყიდვა და მესაკუთრის ყოლა, იგი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება.
აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2020-2022 წლებში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) საქმიანობა არ ექცეოდა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა, 2023 წლის 1 იანვრიდან მომსახურების მიწოდებისთვის სავალდებულო გახდა საქართველოს ეროვნულ ბანკში VASP-ად რეგისტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიენიჭათ ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც (კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და საბროკერო კომპანიებს), მათ მიერ აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება.
კრიპტოაქტივების ბაზრის ზრდა და გამოწვევა აღსრულებისთვის:
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, VASP-ების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 2.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წელს მოქმედი მსხვილი VASP-ების ტრანზაქციების მოცულობამ ჯამურად 1.07 მილიარდი ლარი შეადგინა. მიუხედავად 2023 წლის მონაცემების კლებისა, ტრანზაქციების მოცულობა კვლავ ძალიან მაღალია. ეროვნულ ბანკში წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადებისა და ბიზნესგეგმების გათვალისწინებით, ვირტუალური აქტივის მომსახურება მზარდ სექტორად ფასდება.
ეს ტენდენცია კიდევ უფრო ართულებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მუშაობას, ვინაიდან კრიპტოაქტივები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოითხოვს ახალი მექანიზმების შემუშავებას მათ მოსაძიებლად და დასაყადაღებლად. აუდიტის დასკვნა ცხადყოფს, რომ ბიუროს სასწრაფოდ ესაჭიროება არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, ახალი ინსტრუმენტების დანერგვა მოვალეთა ქონების ეფექტიანად მოძიებისთვის.
აუდიტის დასკვნით, ბიურო ვერ უზრუნველყოფს პროგრამულად ინფორმაციის მიღებას ქონების ერთ-ერთ მიმართულებაზე, კრიპტოაქტივზე.