„საქართველოში იმ რაოდენობის თაფლს ვერ ვაწარმოებთ, რომ ჩინეთი დავაკმაყოფილოთ, თუმცა ჩინური ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ განაცხადა.
ინფორმაციისთვის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ცვლილებების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ქართული თაფლის ჩინეთში ექსპორტს უკავშირდება. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჩინურ მხარესთან საქართველოში წარმოებული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების საკითხი განიხილეს.
როგორც ალეკო პაპავა აღნიშნავს, რაოდენობრივად ჩინეთის ბაზარს ქართული თაფლი ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა ხარისხით შეუძლია, საკუთარი ადგილი დაიკავოს ამ ბაზარზე.
„ჩინეთში მომხმარებლების 44% მოიხმარს ადგილობრივ თაფლს და დანარჩენი 56% იმპორტირებული თაფლია. ამ კუთხით საქართველოსაც აქვს პერსპექტივა, რომ ქართული თაფლის ექსპორტი განხორციელდეს ჩინეთში. ჩინეთის ბაზარი და ჩინეთის მოსახლეობაც მზარდია. როგორც ვიცით, ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, თაფლი კი იცით, რომ ერთ-ერთი ნატურალური პროდუქტია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის, იმუნიტეტის შენარჩუნებისა და მთელი რიგი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება. ცუდი არ იქნება, თუ ჩინეთში ქართული თაფლი დაიშვება.
რაოდენობრივად ჩინეთის მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ ჩვენი თაფლი დაიკავებს თავის ადგილს და შედარებით მაღალ საფასო კატეგორიაში იქნება, იმიტომ, რომ ჩინეთში სულ სხვა მცენარეებია დომინანტი, ჩვენთან ნაირფეროვანი მცენარეებია. ვფიქრობ, რომ ჩინელებს ჩვენი თაფლი შესწავლილი ექნებათ, ეცოდინებათ მისი ღირსება და თავის ბაზარზე ქართული თაფლის მიღების სურვილი ექნებათ. ჩვენი თაფლი ჩინეთის ბაზარზე რაოდენობრივად კონკურენციაში ვერასდროს ვერ იქნება, მაგრამ ხარისხით შეგვიძლია ვიფიქროთ კონკურენციაზე“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ალეკო პაპავამ.