საქართველო ენერგეტიკულად ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოიქმნება განახლებადი წყაროებიდან, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი რესურსები საშუალებას აძლევს მას, იყოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე. თუმცა, ეკონომიკური ზრდის, ინდუსტრიული განვითარებისა და მოსახლეობის ენერგომოთხოვნების მატების ფონზე, ელექტროენერგიის წარმოების ზრდა გარდაუვალი საჭიროებაა. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რომ მუდმივად მზარდია ამას ადასტურებს ოფიციალური მონაცემებიც. მაგალითად, სემეკის სტატისტიკის თანახმად, 2015-2024 წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის  მოხმარება საშუალოდ წლიურად 3.3%-ით იზრდებოდა.  ეს პროცესი ლოგიკურია, იმდენად რამდენადაც ბიზნეს აქტივობის მატების ფონზე, საწარმოები მეტი ენერგიის მოხმარებას საჭიროებენ. ეკონომიკური ზრდა  ნიშნავს, რომ ქვეყანაში საქონლისა და მომსახურების წარმოება იზრდება, დამატებით წარმოებას კი დამატებითი ენერგია სჭირდება. შესაბამისად, ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება დამატებითი გენერაციის წყაროები. იმ შემთხვევაში თუკი ენერგის წარმოება სათანადოდ, სწრაფი ტემპით არ გაიზრდება, ამან შეიძლება რამდენიმე გამოწვევა შეუქმნას საქართველოს.

პირველი ასეთი შესაძლო გამოწვევაა ენერგეტიკული დეფიცი და იმპორტის ზრდა. თუ ელექტროენერგიის წარმოება არ გაიზრდება, ქვეყანაში გარდაუვლად დადგება ენერგეტიკული დეფიციტი. ეს გამოიწვევს ელექტროენერგიის იმპორტის აუცილებლობას მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, თურქეთი ან რუსეთი. იმპორტირებული ენერგია, როგორც წესი, ძვირია, რაც გაზრდის ტარიფებს და უარყოფითად იმოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ისე ბიზნესზე. გარდა ამისა, იმპორტზე დამოკიდებულებამ შეიძლება ჩვენს მეზობელ ქვეყანას ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტიც ჩაუგდოს ხელში, რაც, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი პრობლემაა.

კიდევ ერთი გამოწვევა, რაც წარმოიშობა ენერგიის გენერაციის ნაკლებობით, ეს არის  ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლა. ელექტროენერგია ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია ნებისმიერი ეკონომიკის ზრდისთვის. ინვესტორები და საწარმოები მუდმივად საჭიროებენ სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებას. თუ ელექტროენერგიის წარმოება შეჩერდება ან არ გაიზრდება, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს ახალი საწარმოების შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. შედეგად, შემცირდება სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აღნიშნულმა სცენარმა მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირებაც შეიძლება გამოიწვიოს, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი იწვევს ენერგორესურსებზე ფასების ზრდას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იზრდება კომუნალური გადასახადები, რაც განსაკუთრებით მძიმედ დააწვება სოციალურად დაუცველ ფენებს. გარდა ამისა, შესაძლებელია მოხდეს ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება, რაც საქართველოში უკვე გამოცდილ მტკივნეულ პერიოდს მოგვაგონებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო მდიდარია ჰიდრო, მზისა და ქარის რესურსებით.

ელექტროენერგიის წარმოების ზრდა შესაძლებელია სწორედ ამ პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით. ამ რესურსების უგულებელყოფა და არსებული სადგურების დატვირთვა მხოლოდ არსებულ დონეზე ნიშნავს, რომ ქვეყანა უარს ამბობს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებაზე.

საბოლოო ჯამში, ენერგიის გენერაციის არასათანადო ზრდა და პოტენციალის აუთივსებლობა სერიოზულ გამოწვევებს ქმნის როგორც ბიზნეს სექტორისა და მომხმარებლისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვისაც. იმისათვის, რათა ეს პრობლემები დღის წესრიგში არ დაგვიდგეს, საჭიროა, არსებული ენერგეტიკული პოტენციალის სრულად ათვისება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც ჰესების, ისე მზისა და ქარის ენერგიის წარმოების განვითარებას. აქვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰესების ნაწილს, რადგან ელექტროენერგიის გენერაციის დიდი წილი სწორედ მასზე მოდის. მაგალითად, 2024 წელს საქართველომ ჯამში 14 234 მლნ კვ/სთ ენერგია აწარმოა, საიდანაც 11 334 მლნ კვ სთ სწორედ ჰესებზე მოდიოდა. აქედან გამომდინარე, ფასების სტაბილურობისთვის, სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის და ჩვენი კეთილდღეობისთვის ჰესებისა და სხვა განახლებადი ენერგიების წარმოების განვითარება ერთგვარ ქვაკუთხედად გვესახება.