მას შემდეგ, რაც ონლაინ ვაჭრობის ჩინური პლატფორმები საქართველოში შემოვიდნენ და ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს, მომსახურება ქართულ ენაზე შესთავაზეს, საქართველოს მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნების მხრიდანაც გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა  განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზარი საკმაოდ პატარაა, ქართველი მომხმარებლების მხრიდან უცხოური ვებგვერდებიდან ონლაინ გამოწერების მაჩვენებელი დღითი დღე მზარდია, შესაბამისად, მზარდია ამ საერთაშორისო პლატფორმების გაყიდვებიც.

„სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მათ ინტერესს საქართველოს მიმართ. საქართველოში რამდენიმე ჩინური პლატფორმის მსგავსად პირდაპირი გზით შემოსვლას გეგმავენ თურქული, ამერიკული და ევროპული ონლაინ ვაჭრობის საკმაოდ მსხვილი ვებგვერდებიც, რომლებთანაც თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, თუმცა ჯერჯერობით, მათ იდენტიფიცირებას  ვერ მოვახდენ. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე წლის დინამიკას, ბოლო წლებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ელექტრონული კომერცია ძალიან გააქტიურებულია, რაც ბუნებრივად აისახა ამანათების რიცხვზე“, - აღნიშნა Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.

მიხეილ ბაბუნაშვილი საიმპორტო ქვეყნების სიაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქ სურათი შეცვლილია და თუ გასულ წლებში ლიდერ პოზიციებზე თურქეთი და აშშ იმყოფებოდნენ, ახლა ერთპიროვნული ლიდერი ჩინეთია, საიდანაც ამანათების რიცხვი გაორმაგებულია. ამანათები გაზრდილია იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდანაც. თუმცა, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ამანათებმა მნიშვნელოვნად დაიკლო თურქეთია.

„მომხმარებლები, რომლებიც თურქეთიდან იწერდნენ სასურველ ნივთებს, უმეტესად, ჩინურ პლატფორმებზე გადაერთვნენ, რის გამოც, თურქეთიდან ამანათებმა იკლო“,  - განმარტა ბაბუნაშვილმა.

რაც შეეხება სექტორში არსებულ გამოწვევებს, მიხეილ ბაბუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დეფიციტია.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როდესაც ქართულ ბაზარზე ჩინური პლატფორმა Temu შემოვიდა და აქედან შემოსულ მოზღვავებული რაოდენობის ამანათებს საქართველოს საფოსტო ბიზნესი მომზადებული ვერ შეხვდა. შემდგომ პერიოდში, Temu“-ს სხვა ჩინური პლატფორმებიც დაემატა და მოზღვავებული ამანათების საკითხი დღესაც აქტუალურია, რადგან არა საკმარისია ტერმინალების რაოდენობა, ასევე მებაჟეების რიცხვი. შედეგად, ამანათების მიწოდება ადრესატებისთვის გვიანდება. უახლოეს პერიოდში, თუ დამატებითი ინფრასტრუქტურა არ შეიქმნა ტერმინალების სახით, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ქართულ ბაზარზე პირდაპირი გზით შემოსვლას, ჩინურის გარდა, სხვა ქვეყნების ონლაინ ვაჭრობის პლატრფომებიც გეგმავენ“, - განაცხადა Inex Group-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით, 1 თვის ვადაში, თავად Inex Group თბილისის აეროპორტთან ერთ ახალ ტერმინალს გახსნის და შედეგად, ამანათების გატარება შედარებით დაჩქარდება, თუმცა, ამ ინდუსტრიაში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ 1 ტერმინალის დამატება საერთო სურსათს ვერ შეცვლის და საჭიროა მეტი ინვესტიცია.

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობამ 13 მილიონს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი იყო.

bp.ge