ქართული ნუში ახალ ბაზრებზე თავს იმკვიდრებს. შარშან 1 ტონა ქართული პროდუქტი ინდოეთში გააგზავნეს. სატესტო მოცულობა ბაზარმა კარგად მიიღო და ქართულ ნუშზე მოთხოვნა გაჩნდა, რის გამოც წელს ინდოეთში 27 ტონა გაიგზავნა. ,,ნუშისა და კაკლის ასოციაციის’’ დამფუძნებელი თორნიკე ლათათია ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ მეტი მოსავლის პირობებში მეტი მოცულობის გაგზავნის მზაობა იყო. ინდოეთის ბაზარი საინტერესოა რამდენიმე ფაქტორის გამო. ერთ-ერთი ფასია. თორნიკე ლათათია აცხადებს, რომ აღნიშნულ მარკეტზე ქართულ ნუშში 20-30 ცენტით მეტი გადაიხადეს.
,,ინდოეთის ბაზარზე შარშან გაიგზავნა სატესტო რაოდენობა ერთი ტონა ნუში. მოეწონათ. წელს შედარებით დიდი მოცულობა გაიგზავნა და 27 ტონაა. ინდოეთი ერთ-ერთი მსხვილი ბაზარია. ასევე, ნუშის მოხმარების კულტურა იზრდება და ფასიც მომხიბვლელია. ევროპის ბაზარი მარაგდება ესპანეთიდან და ამერიკიდან და კონკურენცია მაღალია. ინდოეთში ნუში შედის ამერიკიდან, თუმცა იმდენად მაღალია მოხმარება, რომ ფასი საინტერესოა. შესაბამისად, ქართულმა პროდუქტმა იპოვა თავისი ადგილი. რეალურად, წელს ფიზიკურად არ გვქონდა რაოდენობები. სხვა შემთხვევაში უფრო მეტის გაგზავნის მზაობაც იყო. ინდოეთის ბაზარი საინტერესო დარჩება, რადგან საკმაოდ მომხიბვლელ ფასს იხდის. ინდოეთმა 20-30 ცენტით უკეთესი ფასი შემოგვთავაზა. წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პრობლემები იყო ამერიკიდან ინდოეთისთვის ნუშის მიწოდების პროცესში. გაჩნდა შესაბამისი ფანჯრები, სადაც მოთხოვნა მაღალი იყო და ფასიც კარგი იყო.’’- აცხადებს თორნიკე ლათათია.
საექსპორტო ბაზრებად ასევე განიხილება მეზობელი ქვეყნები. იგეგმება ქართული ნუშის შესვლა სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე. იმპორტის გაზრდის მოტივაციად ,,ნუშისა და კაკლის ასოციაციის დამფუძნებელი’’ ნუშის მოსავლის ზრდას ასახელებს. თორნიკე ლათათია განმარტავს, რომ მომავალ წლებში მოსავალი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. არსებული მოლოდინის მიხედვით, 2026 წელს ქვეყანა ნუშის 9 000 ტონამდე მოსავალს მიიღებს.
,,ექსპორტის მოტივაცია არის ის, რომ იმ დროში როდესაც პროდუქტის წარმოება გაიზრდება უკვე კონკრეტულ ბაზრებზე თავი ჰქონდეს პროდუქტს დამკვიდრებული. ეს არის ძირითადი ამოცანა. ვფიქრობ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში ძირითადი გაყიდვების ბაზარი მაინც იქნება საქართველო. წელს იგეგმება სომხეთში ექსპორტი, აზერბაიჯანში, თურქეთში. ვფიქრობ ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გაიგზავნება. შარშანდელმა მოსავალმა დაახლოებით 3000 ტონა შეადგინა (გაუტეხავი ნუში). წელს ვვარაუდობთ, რომ 5 000 ტონამდე მოსავალი გვექნება. ნუშის გაშენება ინტენსიურად დაიწყო 2018 წლიდან. მოსავლიანობა იზრდება, რადგან იმ პერიოდში გაშენებული მეურნეობები უკვე მსხმოიარობაში შედის. დაახლოებით 4 წელი სჭირდება პირველ მსხმოიარობას. შესაბამისად, წინა წლებში გაშენებული ბაღები შედეგს დებს და მოსავალიც იზრდება. მოსავლის რაოდენობა შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. წელს 5 000 ტონას ვპროგნოზირებთ. მომავალ წელს 8-9 ათასი ტონა იქნება. შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში პროდუქტის რაოდენობა ცალსახად გაიზრდება.’’- აცხადებს თორნიკე ლათათია.
საქართველოში მოყვანილი ნუშის 70% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ,,ნუშისა და კაკლის ასოციაციის’’ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ადგილობრივი ბაზარი საინტერესოა, რადგან ქართული ნუში იმპორტირებულ პროდუქციასთან შედის კონკურენციაში, რომელიც უფრო ძვირია. იმპორტირებულ პროდუქტს ტრანსპორტირებისა და სხვა გადასახადების გამო ფასი ეზრდება. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება მზარდია.
,,მოსავლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე ფასი საინტერესოა, რადგან კონკურენციაში შევდივართ პროდუქტთან, რომელსაც ემატება ტრანსპორტირების ფასი და გადასახადები. შესაბამისად, შიდა ბაზარი საკმაოდ საინტერესოა. 2024 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმპორტის. ეს იყო 1300 ტონა გაუტეხავი ნუში. ჩვენი პირველი ამოცანა არის იმპორტის ჩანაცვლება. შემდეგი 2 წლის წარმოება ვფიქრობ, რომ სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზარს იმ პირობებში, თუ მოხმარება შენარჩუნდა. ადგილობრივ ბაზარზე მოხმარება დღეს გვაქვს დაახლოებით 1 500 ტონამდე. მოხმარების დინამიკა იზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ ფასი დასტაბილურდა და ადამიანებში ცნობიერება გაიზარდა. ნუში ჯანსაღ პროდუქტად ითვლება. ყოველ დღიურ რაციონში ჩაჯდა და შესაბამისად მოხმარებაც გაიზრდება. დღევანდელი მაჩვენებლით შემდეგი 2 წელი დასჭირდება სრულად იმპორტის ჩანაცვლებას.’’- აცხადებს თორნიკე ლათათია.