2023 წელს სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 90 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია (74.9 მლნ ლარი).

გასულ წელს სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობდა, მას ბაზრის თითქმის ნახევარი (48%) ეჭირა, რომელიც 42.8 მლნ ლარს შეადგენდა.

მეორე ადგილზე 28.4 მლნ ლარით „ალდაგი“ იყო, მას ბაზრის 32% ეკავა. მესამე და მეოთხე ადგილებს კი „იმედი L“ და „ჯიპიაი“, შესაბამისად 7.8 მლნ ლარით და 4.1 მლნ ლარით იკავებდა. ხუთეულს „ირაო“ ასრულებს, კომპანიას 2.3 მლნ ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის მხოლოდ 2% ეჭირა.

2023 წლის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების მოგებამ 248,5 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 210 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 39 მლნ ლარი იყო.

2023 წლის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.

საქართველოს მოსახლეობის 19% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.