სასმელი წყლის წარმოების ბიზნესს 4 კომპანიის შპს „აქვა გეოს“ (წყალი სნო | მინერალური წყალი კობი), შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“, შპს „ვოთერლენდის“ (წყალი გუდაური)  და შპს „სუფთა წყალის“ (წყაროს წყალი ბინული) მაგალითზე Finspot-მა მიმოიხილა.

მინერალური და მტკნარი წყლები ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელში შედის. მინერალური და მტკნარი წყლების ძირითადი ექსპორტიორები მსხვილი მწარმოებლები არიან: „IDS ბორჯომი საქართველო“ და „წყალი მარგებელი“ (ნაბეღლავი | ბახმარო ). თუმცა, ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები რამდენიმე წელია აღარ გამოქვეყნებულა, შესაბამისად Finspot-მა მიმოიხილა, საშუალო და მცირე ზომის მწარმოებლები.

„განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მინერალური და/ან მტკნარი წყლის ჩამოსხმა და საბითუმო რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ „სუფთა წყალი“ კონკურენტებისგან განსხვავებული ბიზნეს მოდელი აქვს. პირველი სამი კომპანია („აქვა გეო“, „საირმე" და „ვოთერლენდი") ძირითადად აწარმოებს წყალს ერთჯერადი გამოყენების და მცირე მოცულობის ბოთლებით. „აქვა გეო„ ასევე ეწევა 19 ლიტრიანი ბალონებით და დისპენსერებით მომსახურებას, თუმცა ეს შემოსავლების საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. „სუფთა წყალი“ (წყაროს წყალი ბინული •  Spring Water Binuli) კი სრულად ფოკუსირებულია დიდი მოცულობის ბალონებითა და დისპენსერებით მომსახურებაზე. შესაბამისად, კომპანია განმეორებადი შემოსავლის მოდელით (recurring revenue model) ოპერირებს, რაც გულისხმობს მომხმარებლის მხრიდან 19-ლიტრიანი ბალონის განმეორებითი შესყიდვის ვალდებულებას თვეში მინიმუმ 3-ჯერ. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები იურიდიული პირები არიან, ვინაიდან ფიზიკური პირების მიერ მსგავსი სერვისით სარგებლობა საკმაოდ იშვიათია საქართველოში და ხელშეკრულების პირობებიც უფრო იურიდიული პირების საჭიროებებზეა მორგებული.

განხილული კომპანიების უმეტესობა ზარალზე ოპერირებს. ძირითად შემთხვევაში, ზარალიანობის მიზეზი საოპერაციო ხარჯების არაეფექტური მართვა და/ან საწარმოს არასრული დატვირთვით მუშაობაა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

წარმოდგენილ კომპანიებს შორის ლიდერობს „სნოს“ და „კობის“ მწარმოებელი კომპანია „აქვა გეო“. მისმა შემოსავლებმა 2022 წელს ₾25 მილიონი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი კონკურენტების შემოსავლებს. შემოსავლების ზრდის კუთხით, „სუფთა წყალი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2019 წლის ბრუნვას კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ამის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად ოფისების დაკეტვა/ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა იყო, რამაც დისპენსერების ბოცებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.  კომპანიების საერთო მოგების მარჟები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და 30%-65%-ის ფარგლებში მერყეობს. ერთადერთი კომპანია, რომლის საერთო მოგებაც აღემატება საოპერაციო ხარჯებს არის „სუფთა წყალი“. დანარჩენი კომპანიები კი საოპერაციო ზარალზე ოპერირებენ. საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდ ცალკეულ კომპონენტებს წარმოადგენენ ხელფასები და მიწოდების ხარჯები (მაგ.: საწვავი, ტრანსპორტირების მომსახურება).

რაც შეეხება კომპანიების მიერ მარკეტინგულ აქტივობებში გაწეულ ხარჯებს, მხოლოდ 2 კომპანიას აქვს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული, რის მიხედვითაც კომპანიები მარკეტინგში შემოსავლების 1%-3%-მდე ხარჯავენ.

„აქვა გეოს“ და „საირმეს“ შემთხვევაში, დადებითი წმინდა მოგება გამოწვეულია საკურსო სხვაობით მიღებული მოგებით. „სუფთა წყალის“ გარდა, კომპანიები მაღალი ლევერიჯით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ სესხის წილი აქტივებში უმეტესად 20%-35%-ის ფარგლებშია, დადებითი ფულადი ნაკადების სიმცირე კომპანიების გადახდისუნარიანობას რისკის ქვეშ აყენებს.

„ზარალიანი ოპერაციების და მაღალი ლევერიჯის ფონზე, კომპანიებს არათუ საკმარისი ფულადი ნაკადები არ რჩებათ დივიდენდების გასაცემად, არამედ, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი კაპიტალის შეტანასაც საჭიროებენ.  ეს არ ეხება „სუფთა წყალს“, რომელმაც  2017-2022 წლებში მფლობელებზე ჯამურად გასცა ₾665 000. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის თითქმის 90% გაცემულია 2017-2019 წლებში. პანდემიის შემდეგ კი კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა და მომგებიანობის მაჩვენებლები გაუარესდა. შესაბამისად, დივიდენდის გაცემის შესაძლებლობაც მინიმუმამდე დავიდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

შპს „აქვა გეოს“ საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი (სს „ინტელლეგენს ჰოლდინგ აგ“-ს გავლით) თენგიზ ხარებავაა.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ მფლობელები: იაკოვ გვიჩია (92%), გია გვიჩია (4%), ხათუნა გვიჩია (4%) არიან.

შპს „ვოთერლენდის“ მფლობელებია გიორგი გოგუაძე (99%), შპს „მიკრო ინვესტი“ (1%).

შპს „სუფთა წყალი“ მფლობელებია გრიგოლ გოგოლაძე (65%) და ბექა ქარსიძე (35%).