სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს 1.50 ლარად, რქაწითელსა და სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

„გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 ათას ტონა და იმისათვის რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.