ევროკომისია ჯერ კიდევ აფასებს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე დემოკრატიულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა „ევროპეისკაია პრავდას“კორესპონდენტს განუცხადა.

მისი განმარტებით, ევროკომისია ყურადღებით სწავლობს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღოს.

„31 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა კომისიის მიერ ბრიუსელში საქართველოს ელჩისთვის 14 ივლისს გაგზავნილ წერილს. ამჟამად კომისია აფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს. კომისია შეაფასებს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან, ვიზების შეჩერების შესახებ შემდეგი ანგარიშის კონტექსტში“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბრიუსელი კვლავ ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება „მიიღებს კონკრეტულ ზომებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად“.

„შეუსრულებლობის გახანგრძლივების შემთხვევაში და შეფასების ჩატარების შემდეგ, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ.

„ეს კიდევ ერთი თავდასხმაა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტად გამოყენება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ინტერპრესნიუსი