საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატების, მეოთხედფინალში გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებით კიდევ 1 სუბსიდირებული რეისი დანიშნა - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დღეს, 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ“ - ნათქვამია ინფორმაციაში.