უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირება ფიზიკური პირებისთვის რთულდება, რასაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები 750 000 ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ, კიდევ უფრო ართულებს.

„ჯეოქეისის" მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აქამდე უცხოურ ვალუტაში სესხის აღება საპროცენტო განაკვეთს გარკვეულწილად, დაახლოებით 6-7%-ით ამცირებდა. ლარიზაციის ხისტი პოლიტიკა დაკრედიტებაზე მოთხოვნას შემცირებას, რაც საბოლოოდ უძრავი ქონების გაყიდვების კლებაში აისახება.

მისივე თქმით, მიუხედავად დეველოპერების ოპტიმისტური განცხადებებისა, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების დიდ ნაწილს შიდა განვადებები აფინანსებს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ საფრთხეებს ქმნის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სესხები ძვირდება და მშენებლობის თვითღირებულება იზრდება.

„გამყარებული ლარის პირობებში, რომელიც სრულად ბუტაფორიული მოვლენაა, უძრავ ქონებაში ინვესტირება ფიზიკური პირისთვის წარმოუდგენელი ხდება, მათ მოუწევთ უძრავი ქონება იყიდონ ჯერ ერთი ისედაც მაღალი ფასით, ასევე, მინიმუმ 15-16%-იანი სესხით, რაც ეფექტური განაკვეთის დამატებით, ალბათ 17%-მდე გაიზრდება.

ეს რა თქმა უნდა, დაკრედიტებაზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც თავისთავად შეამცირებს უძრავი ქონების ბაზარზე ბინების რეალური ფულით შესყიდვას.

ქართულ ბაზარზე ყველა მსხვილი დეველოპერი ამბობს, რომ გაყიდვები ძალიან კარგად მიდის და ბაზარი იდეალურად მუშაობს, თუმცა ამ გაყიდვებში მნიშვნელოვანია შევხედოთ ნაღდი ფულის წილი როგორია ან იპოთეკური სესხით მთლიანად გამოსყიდვით რამდენმა იყიდა; გაყიდული ბინების დიდი ნაწილი ე.წ შიდა განვადებებზე მოდის. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ კომპანიებს არ ეხებათ, რომლებსაც ლიკვიდურობის სტაბილური პარამეტრები გააჩნიათ, მაგრამ ეს საშუალო და მცირე დეველოპერებისთვის პრობლემაა, რადგან ეს მშენებლობები ძირითადად წინასწარი გაყიდვებით არის დასპონსორებული ან იმ თანხებით, რომლებიც ბანკებიდან იყო მოზიდული, თანაც  იმ ფონზე, როცა მშენებლობის თვითღირებულება იზრდება და სესხი გაძვირდება.

ამიტომაც Fitch-ის ანგარიში იქნება ეს თუ სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, მათი გზავნილი ერთია, რომ ინვესტორები დაფიქრდნენ, სანამ საქართველოში დააბანდებენ ფულს, აწონ-დაწონონ ეკონომიკაში არსებული რისკები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის საერთაშორისო კაპიტალზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო შეამცირებს.

სამშენებლო ბიზნესი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, გარდა ამისა აღნიშნული სექტორი ძალიან დიდ ღირებულებით ჯაჭვს ქმნის სამშენებლო მასალების გაყიდვა-წარმოებიდან დაწყებული, მოსაპირკეთებელი მასალებით დამთავრებული”,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.