ზოგიერთ ქსელურ მარკეტს კაბალური პირობები აქვს, ამიტომ ვცდილობთ, ნაკლებად ვეკონტაქტოთ, - ამის შესახებ „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.

"ქსელების ძირითადი ნაწილთან "ქეშბექთან" დაკავშირებით შეთანხმებას ვაღწევთ და მინიმალურ "ქეშბექს" ვიხდით. ვფიქრობ, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხი კანონის ფარგლებში მოექცეს, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი მომხმარებელზე ისახება. მაღალი ქეშბექის შემთხვევაში მწარმოებელთან ერთად მომხმარებელი ზარალდება, რადგან ჩვენ თვითღირებულების გაზრდა გვიწევს", - აცხადებს დიმიტრი წვერავა.

ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანის მაღალ ხარჯებზე "ბიზნესპარტნიორთან" არაერთი კომპანია საუბრობს. მათ შორის, "ჩირჩხელა", "ქართული თემა" და სხვა. 

ბიზნესების წარმომადგენლების შეფასებით, უნდა დაწესდეს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც ქსელურ მარკეტებს პროცენტის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ.

ცნობისთვის, "უმალი" 50-მდე დასახელების პროდუქტს,  მათ შორის ხიზილალას აწარმოებს.  ძირითადი პროდუქტებია სკუმბრია, ქაშაყი, ქაშაყის ფილე, მოივა და სხვა.

"უმალი" ქართულ ბაზარზე 2017 წლის ივლისიდან ოპერირებს. კომპანია თევზპროდუქტებით საქართველოს მთელ ტერიტორიას ამარაგებს. საწარმო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ამ დროისთვის 90 ადამიანია დასაქმებული.

bp.ge