„2025 წლის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებელზე მაღალ ინფლაციას და ეკონომიკის დაბალ ტემპს უნდა ველოდოთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Gnomon Wise-ის მკვლევარმა ეგნატე შამუგიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ის ფარგლებშია და მომავალ პერიოდებში სწორედ ამ ნიშნულის დაუბრუნდება მშპ-ს ზრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტენდენციაზე მიუთითებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც. მაგალითად, სავალუტო ფონდი 2025 წელს საქართველოში ეკონომიკის 6%-იან ზრდას, მომდევნო წლებში კი 5%-იან მატებას ელის.
„წინასწარი ზრდის მაჩვენებლით, იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია 7%-მდე და მარტში ინფლაცია 3%-იანი სამიზნე ნიშნულს აჭარბებდა. მომავალში (რასაც ეროვნული ბანკის პროგნოზებიც აჩვენებს) ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება და ინფლაციის ტემპი აჩქარდება. უკრაინაში რუსეთის ომის გამო შექმნილი მიგრანტების ეფექტი მიილია და მათი დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა; ფულადი ნაკადების ტემპი შენელებულია; მონეტარული ეფექტიც ამოწურულია - ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ 2025 წლის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებელზე მაღალ ინფლაციას და ეკონომიკის დაბალ ტემპს უნდა ველოდოთ. ზოგადად, წინა წლების გრძელვადიან ტენდენციას თუ გადავხედავთ, საქართველოში ეკონომიკის ზრდა 5-6%-ის ფარგლებშია ხოლმე და ამ ნიშნულისკენ დაიძრა ზრდის ტემპი მომდევნო პერიოდებში“, - აღნიშნავს შამუგია.
კითხვაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს ეროვნული ბანკი ინფლაციის რისკების შესარბილებლად, შამუგია პასუხობს, რომ მონეტარული პოლიტიკა უნდა მკაცრდებოდეს, თუმცა სებ-ის ნაბიჯები საპირისპიროს აჩვენებს.
„ეროვნული ბანკი უნდა ამკაცრებდეს მონეტარულ პოლიტიკას. როგორც ვიცით, ეროვნული ბანკის საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ჩვენ არ ვიცით დეტალურად რა სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს სებ-ი, ვგულისხმობ იმას, რომ დაგვიანებით შეგვიძლია ვნახოთ Bmatch-ზე რა ინტერვენციები განახორციელა, ჯამურია ეს მონაცემები და ყოველდღიურად რამდენი იყიდეს და გაყიდეს არ ვიცით.
ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელმა სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ ვხედავთ, ეროვნული ბანკი აქტიურად ყიდულობს უცხოურ ვალუტასო. როცა უცხოურ ვალუტას ყიდულობ, ლარს გასცემ და ლარს ბეჭდავს ეროვნული ბანკი, ლარის ემისია ხდება, ანუ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ხდება. გაზრდილი ინფლაციური რისკების და ფასების ზრდის დინამიკის აჩქარების ფონზე საპირისპიროდ უნდა იქცეოდეს ეროვნული ბანკი. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ გაცილებით მაღალი ინფლაციის ტემპი გვექნება, ვიდრე ნავარაუდევია“, - აღნიშნავს შამუგია.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო 1-ელი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5% შეადგინა, თვის ჭრილში კი ფასები 1.1%-ით არის გაძვირებული. ეს კი მაშინ, როცა ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი წლიური 3%-ია. მონაცემები აჩვენებს, რომ მარტში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს გასცდა.