„რუსული ფული ხომ აზერბაიჯანის გავლით შემოდიოდა? სად არის აზერბაიჯანის ის მოქალაქე, რომელიც ატყუებდა ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ საქართველოს საბაჟო სამსახურებს და ფარულად დიდძალი ნაღდი ფული შემოჰქონდა?“, - ამის შესახებ პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, ბევრი კითხვებია, თუმცა ერთი რამ ფაქტია - ამ ამბის გახსენება ხელისუფლებას ანტიკორუფციული ბრძოლის ილუზიის შესაქმნელი კამპანიის გასაძლიერებლად დასჭირდა.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პროკურატურის განცხადების საპირწონედ სავალუტო ჯიხურების ოფიციალურ მონაცემებსაც იშველიებს და ამბობს, რომ სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე.
„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რაც უფრო სიღრმისეულად ვაანალიზებთ მოყვანილ ფაქტებს და რიცხვებს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე. ხელისუფლებას რატომღაც დასჭირდა ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებული გამოძიების ახლა გამჟღავნება და საინფორმაციო აჟიოტაჟის შექმნა. ამ ამბის შედეგად “ოცნების” ხელისუფლება რომ სერიოზულად დაზიანდა, ამას ყურადღებას არ აქცევენ. ან ვერ გათვალეს შედეგი ან რისი გამთვლელები არიან, როცა ქვეყნის მართვის სათავეში ინტელექტს მოკლებული ადამიანები იმყოფებიან.
ყველაფერს სტატისტიკა აქარწყლებს. 700 მილიონი დოლარის ოდენობის ფულის გათეთრება არა თუ ერთ სავალუტო ჯიხურს, არამედ დღეს მოქმედ 717 სავალუტო პუნქტს გაუჭირდებოდა ერთად აღებულს.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობის შესახებ ბოლო კვლევა "საქსტატის" მიერ მიერ ჩატარდა 2021 წელს. რა აჩვენა ამ კვლევამ: 2021 წელს მოქმედებდა 469 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი(რეგისტრირებული იყო უფრო მეტი, მაგრამ ბევრი არ ეწეოდა საქმიანობას). მათმა წლიურმა ბრუნვამ ( ვალუტის ყიდვა და გაყიდვა) შეადგინა 6.4 მილიარდი ლარი (დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარი). ამ პერიოდში შეძენილ იქნა 543 მილიონი აშშ დოლარი და 135 მილიონი ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული იქნა 520 მილიონი დოლარი და 132 მილიონი ევრო.
დააკვირდით ამ რიცხვებს. საქართველოში მოქმედმა ყველა სავალუტო პუნქტმა ერთად აღებულმა 2021 წელს შეიძინა დაახლოებით იმდენი უცხოური ვალუტა, რამდენიც პროკურატურის მიერ დასახელებულმა ერთმა ჯიხურმა ორი წლის განმავლობაში. ეს ხდებოდა ნაწილობრივ 2022 წელს, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და 2023 წელს. 2024 წელს უკვე გამოძიება დაწყებული იყო და ამ პუნქტის მეპატრონე პროკურატურასთან თანამშრომლობდა.
წავიდეთ წინ. 2021 წლის შემდეგ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა. 120 ათასზე მეტი რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. სანქციების შედეგად იზოლაციაში მოქცეული რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საქართველოს საფინანსო სისტემა გახდა იზოლაციისაგან თავის დაღწევის საშუალება. შემოვიდა დიდძალი ნაღდი და უნაღდო ფული, მათ შორის რუსული რუბლების სახით. რუბლები სჭირდება ქართველ იმპორტიორებს, ამიტომ იგი ისეთივე უცხოური ვალუტაა, როგორც დოლარი რუსეთთან მზარდი საგარეო ვაჭრობის გამო. ბანკები და სავალუტო პუნქტები ამ ფულს სიამოვნებით იღებენ დღემდე. ამ პერიოდში იზრდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრირებული რაოდენობა და დღეისათვის მათი რიცხვი 717 ერთეულს შეადგენს ( მათი გარკვეული ნაწილი დღესაც გაჩერებულია).
ზუსტი სტატისტიკა, თუ რა მოცულობისაა დღეისათვის სავალუტო პუნქტების ბრუნვა, არ ვიცით. ეროვნული ბანკი ამის ანალიზს სამწუხაროდ არ ეწევა. სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის და წინა წლების კვლევების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი გაორმაგდა. ეს დაახლოებით 12 მილიარდი ლარია( 4-5 მილიარდი დოლარი) წელიწადში. გამოდის, რომ ერთი სავალუტო პუნქტის წლიური ბრუნვა არის დაახლოებით 6-7 მილიონი დოლარი, ხოლო ამ ჩვენი “გამთეთრებელი” ჯიხურისა კი 350 მილიონი დოლარია. სასაცილოა.
ჩვენი ანალიზი შეგვიძლია გავამყაროთ "საქსტატის" სხვა მონაცემებითაც, რომელიც სავალუტო პუნქტების საქმიანობას ეხება 2018 წლისათვის: ამ პერიოდისათვის რეგისტრირებული იყო 1020 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი( აქედან ბევრი არ ფუნქციონირებდა). მათი წლიური ბრუნვა იყო 9 მილიარდი ლარი ( დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარი). როგორც ვხედავთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წლიური ბრუნვა კლებად ხასიათს ატარებდა და 9-6 მილიარდი ლარის ფარგლებში მერყეობდა.
ყველა ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებელი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და სრულიად აცდენილია რეალობას.
არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე თუ შეგნებულ მანიპულაციებთან, ესეც მალე გამოჩნდება. 700 მილიონი “გათეთრებული” ფულიდან (ქონებიდან) 7 მილიონიც რომ არ იქნება ამოღებული, ამის თქმა ახლავე შეიძლება. რადგან საქმე ერთ წელიწადზე მეტია მიდის და რატომღაც მხოლოდ ახლა დასჭირდათ მისი “გახეთქვა”, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ფულის რაღაც ნაწილი “ამოღებულია”, ოღონდ არა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
და ბოლოს, 700 მილიონი დოლარის ოდენობის ფულის გათეთრება მსოფლიო დონის სკანდალია. რატომ არავინ რეაგირებს ამაზე აზერბაიჯანში? რუსული ფული ხომ აზერბაიჯანის გავლით შემოდიოდა? სად არის აზერბაიჯანის ის მოქალაქე, რომელიც ატყუებდა ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ საქართველოს საბაჟო სამსახურებს და ფარულად დიდძალი ნაღდი ფული შემოჰქონდა? თუ ერთი წელია მიდის გამოძიება, იგივე ხდება თუ არა აზერბაიჯანში? დაკავებულია თუ არა ის პირი (როგორც ჩანს, არა) და თუ არა, რატომ? ხელს აფარებს აზერბაიჯანის მხარე თუ არ სჯერა ქართული მხარის მიერ გაჟღერებული საოცარი რიცხვების? კითხვები უამრავია. სასამართლო პროცესზე კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ. ერთი რამ ფაქტია, ამ ამბის გახსენება ხელისუფლებას დასჭირდა ანტიკორუფციული ბრძოლის ილუზიის შესაქმნელი კამპანიის გასაძლიერებლად.
13 წლის განმავლობაში ერთი მინისტრი, ერთი მოადგილე და ორი სპორტსმენი-მსოფლიოს ჩემპიონი დააკავეს. ეს რომ საკმარისი არ არის, კი ხვდებიან და აგერ, ხმაურიანი საქმე გამოაგორეს. მას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება, მაგრამ ასეულ მილიონობით შავი ფულის ტრიალისა და მათი მფარველების შესახებ მითი თუ სინამდვილე სამუდამოდ დარჩება როგორც მორიგი დიდი შავი ლაქა “ქართული ოცნების” გამურულ სხეულზე“,- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულია კომპანია „ფინ“-ის მფლობელი კახა კოტორაშვილი.