ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, Emaar/Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება, გარემოს დამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესრულდება, - ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ინვესტორი დაინტერესებულია, რომ ეს უნიკალური ეკოსისტემა გამოადგეს პროექტს და ხელშეუხებელი იყოს და, მეორე მხრივ, მივიღოთ ხარისხიანი განვითარება ბუნებასთან ჰარმონიაში.

ძალიან მნიშვნელოვანი დანახარჯებია საჭირო იმისთვის, რომ ამ ეკოსისტემის მდგრადობა შევინარჩუნოთ.

ეს პროექტი გარემოს დამცველებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება, მათ შორის, გარემოს დაცვის სამინისტროსთან“, - განაცხადა დავითაშვილმა.