რომეო მიქაუტაძის დაკავება კავშირშია იმასთან, რომ კობახიძეს სურს, მოპარული ფული უკვე თავისი გუნდის ჯიბეში გადაიტანოს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაპატიმრების რეალური მოტივის უკან არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ "ქართულ ოცნებაში" არსებული "შიდა კლანური დაპირისპირება" დგას.
ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ რომეო მიქაუტაძე იყო ღარიბაშვილის შავი სალაროს მთავარი ხაზინადარი. მისი დღევანდელი დაკავება არავითარ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან. ეს კავშირში არის, რომ ირაკლი კობახიძეს სურს, მოპარული ფული უკვე თავისი გუნდის ჯიბეში გადაიტანოს. მეტი არაფერი არ არის. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში სერიოზული ბზარებია. ღარიბაშვილის გუნდი, გომელაურის გუნდი, კობახიძის გუნდი, ყველა ერთმანეთთან არის დაპირისპირებული". - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.