რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines, რომელიც სანქცირებული სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ნაწილია და რომელმაც საქართველოში ფრენები 2023 წლის 11 ივლისიდან დაიწყო, რებრენდინგს იწყებს. როგორც რუსული მედია წერს, გადამზიდავის ახალი სახელი ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ ახალი ბრენდის მთავარ ვარიანტად „რასვეტი“ განიხილება.

გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, რებრენდინგის გადაწყვეტილება ინგლისურენოვანი სახელისგან თავის დაღწევის სურვილით იყო გამოწვეული, რომელიც თავის დროზე ჩარტერული ფრენებისთვის შეირჩა.

Red Wings-ს რებრენდინგის პროფილური სააგენტოს მომსახურების ხარჯი შესაძლოა, 20 მლნ რუბლზე ($212 000-ზე), ხოლო მთლიანი ფლოტის ლივრეის შეცვლა 125 მლნ რუბლზე ($1,3 მლნ) მეტი დაუჯდეს. ამდენად, ავიაკომპანიის მთლიანი რებრენდინგის ხარჯი შესაძლოა, 200 მლნ რუბლიდან ($2,1 მლნ) დაიწყოს და 1 მლრდ რუბლს ($10,6 მლნ) მიაღწიოს.