საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ლოგისტიკური მიმართულებით რეგიონალურ ჰაბად ქცევის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა რეალობად აქციოს საჭიროა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და გამართვა. საქართველოს რეგიონალური ჰაბის ფუნქციის შესასრულებლად და რეექსპორტისთვის შემოსული საქონლის განსათავსებლად საჭირო სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე არ აქვს.
,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში სასაწყობე მეურნეობები წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანამ ჰაბის ფუნქცია შეასრულოს სასაწყობე ფართების მოცულობის გაზრდაა საჭირო.
,,საქართველო ინფრასტრუქტურულად ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ ლოგისტიკური მიმართულებით რეგიონალურ ჰაბად იქცეს. მაგრამ, სასაწყობე მეურნეობების განვითარება ყოველწლიურად მზარდია და რეალურად სწორი განვითარების პირობებში შეიძლება იქცეს ჰაბად. დღეს ის, რომ სასაწყობე მით უმეტეს სამაცივრე მეურნეობები იმ რაოდენობის ჰქონდეს საქართველოს, რომ შესაძლებლობა მისცეს ბიზნეს სუბიექტებს, რომ მოახდინონ განაწილება და რეექსპორტი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ეს ამ ეტაპისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. გამომდინარე სასაწყობო ფართების მოცულობიდან. აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაყოფი ისიც, რომ ეს სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობები (ჯამი რომ გვერდით გადავდოთ) ინდივიდუალურად ფიზიკურად არ არის იმ მასშტაბის და კვადრატულობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მასიურად განთავსდეს პროდუქცია.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
სასაწყობე ინფრასტრუქტურა ძირითადად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია თავმოყრილი. რაც შეეხება სამაცივრე სათავსებს, ის რეგიონებშიც კარგად არის განვითარებული ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი განმარტავს, რომ ქვეყნის მასშტაბის გათვალისწინებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ რეგიონში განვითარდება ინფრასტრუქტურა.
,,საქართველოს ტერიტორიიდან გამომდინარე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ლოკაციის კუთხით თუ სად განვითარდება სასაწყობე ინფრასტრუქტურა არ აქვს. იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი წერტილიდან (იქნება ეს ბათუმი, თბილისი თუ ქუთაისი) იმდენად უმნიშვნელო მანძილია, რომ ეს არსებითად არ შეცვლის რაღაცას ბიზნესის კუთხით სად, რა ლოკაციაზე უნდა იყოს განთავსებული.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში ბიზნესი მას ფეხს აუწყობს და სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები დაჩქარდება. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
,,ბიზნესი ისედაც აუწყობს ფეხს იმ სფეროს, სადაც მოთხოვნა იარსებებს. ეს პროცესი ყოველწლიურად ვითარდება, თუნდაც ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ მოთხოვნა უნდა არსებობდეს და ის უნდა იყოს რეალური. როდესაც ბიზნესი ხედავს, რომ მოთხოვნა არსებობს ინვესტირებასაც განახორციელებს. ამ ინფრასტრუქტურის გამართვა განგრძობითი პროცესია. მოთხოვნის შესაბამისად მოხდება მისი განვითარება. ეს უნდა განვიხილოთ დროში განგრძობით პროცესად და არა ისე, რომ ქვეყანა რამდენიმე თვეში მზად იქნება მნიშვნელოვანი სასაწყობე ინფრასტრუქტურა მოაწყოს.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
რაც შეეხება არსებულ ინფრასტრუქტურას - ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი განმარტავს, რომ ყველა ახალი პროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ძველ სასაწყობე ფართებში კი მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა ფართების მოცულობაა, რის გამოც ბიზნეს სუბიექტს პროდუქციის შესანახად ხშირად იჯარით რამდენიმე ფართის აღება უწევს.
,,არსებული ინფრასტრუქტურა ვითარდება და საერთაშორისო სტანდარტები ყველა ახალ პროექტში გათვალისწინებულია. ხდება ძველის მოდერნიზება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100%-ით თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასაწყობე ფართები გვაქვს. ამ მიმართულებით ერთი დადებითი არის ის, რომ ყველა ახალი ფართი რეალურად არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ამ ეტაპზე აკმაყოფილებს. შედარებით პრობლემატურ საკითხად რის წინაშეც აღმოჩნდნენ კომპანიები გახლავთ ის, რომ დიდი მასშტაბის ერთიანი ფართის აღება შედარებით უფრო რთულია, ვიდრე მცირე ზომის სასაწყობე ფართის იჯარით აღება. არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის გადანაწილებას აკეთებენ.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.
,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რეალისტურია ქვეყნის ლოგისტიკურ ჰაბად ქვეცა, თუმცა ამას კომპლექსური ნაბიჯები, ინფრასტრუქტურის გამართვა და მუშა ხელის მობილიზება დასჭირდება, რაც დროსთან არის დაკავშირებული.
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია გააჩნია. „ჩვენთან სასაწყობე-სამაცივრე ინფრასტრუქტურა იზრდება და მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული პროდუქცია საქართველოში ინახება. შემდგომში ნაწილდება რეგიონის ქვეყნებში და დამატებითი ღირებულება რჩება საქართველოში, ასევეა ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, როცა საქართველოში ხდება იმპორტი და რეექსპორტის რეჟიმში საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავლებს იღებს ქვეყანა“ - აღნიშნა დავითაშვილმა.