ევროპის სახალხო პარტია (EPP) საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში „ქართუ ბანკის” SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვას ითხოვს.

კერძოდ, EPP მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებისა და პარტნიორებს, რომ კოორდინირებულად შემოიღონ პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ახლო წრის წინააღმდეგ, ასევე, გაყინონ ივანიშვილის ყველა აქტივი, რომელსაც  ევროკავშირის ტერიტორიაზე ინახავს. 

ამასთან, EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები „ქართუ ბანკის“ SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვის მიზნით და ასევე დააწესოს სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მას.

,,საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ,,ქართუს“ შესაძლო გამოთიშვა SWIFT-ის სისტემიდან ამ ეტაპზე მხოლოდ რეზოლუციის დონეზე განიხილება და იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების ფონზე, პროცესმა შესაძლოა სწრაფი გაგრძელება მიიღოს.

მისივე შეფასებით, ,,ქართუს" ფუნქცია ტრადიციულზე მეტად, ბიძინა ივანიშვილის ფულის შენახვაა, ამიტომ თუ ის SWIFT სისტემიდან მართლაც ჩაეხსნება, ამას ქართული საბანკო სისტემის რეპუტაციასა და მუშაობაზე უმნიშვნელო ეფექტი ექნება. 

,,პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის რეზოლუციები იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი არაა. ეს არ ნიშნავს, რომ „ქართუ“  SWIFT  სისტემიდან უკვე გაითიშა ან გაითიშება. რუსული ბანკების სისტემიდან ჩახსნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, თუმცა სანქციების ნაწილში უკვე შემდეგ, პროცესები დაჩქარდა. ეს საბანკო სექტორისთვის, ცხადია, კარგი არ არის, გარკვეული რისკები იზრდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არის „ქართუს“ დამფუძნებელი და მფლობელი. რა თქმა უნდა, „ქართუს“ პრობლემები ექნება, რადგან მისი დამფუძნებელი ამერიკამ დაასანქცირა, როგორც რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანი. კლასიკური გაგებით, ბანკს პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება, მაგრამ ამ შემთხვევაში, „ქართუს“ მმართველი, ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო მმართველია. შეიძლება „ქართუს“ჩახსნას საბანკო სექტორზე მცირე და პირველადი ეფექტი ჰქონდეს, თუმცა არავისთვისაა უცნობი ვის ეკუთვნის ეს ბანკი და რამდენად ასრულებს ის ბანკის ფუნქციებს; ის უფრო ბიძინას ფულის შესანახი ადგილია, ვიდრე ბანკი, რაც როგორც ინვესტორებმა, ისე ქართველებმა ძალიან კარგად იციან",- თქვა გიორგი კეპულაძემ.