„უახლოეს პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელია ზომიერი, თუმცა სტაბილური ზრდა“, - ამის შესახებ G.Miller International Georgia-ს დირექტორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ, „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც ურუშაძე აღნიშნავს, დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გარკვეულწილად უკვე დაკმაყოფილდა, თუმცა ბაზარი სტრუქტურულად კვლავ დეფიციტურია, განსაკუთრებით კი თბილისის ცენტრალურ უბნებში.

„უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ზომიერი, თუმცა სტაბილური ზრდა. ეს ტენდენცია არ იქნება ისეთივე დინამიკური, როგორიც 2022–2023 წლებში ფიქსირდებოდა, თუმცა ფასების ვარდნა ნაკლებად სავარაუდოა. მოთხოვნა გარკვეულწილად უკვე დაკმაყოფილდა, თუმცა სტრუქტურულად ბაზარი კვლავ დეფიციტურია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მიწის მიწოდების შემცირება თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, რაც ახალ პროექტებზე ფასების ზრდის ბუნებრივ წნეხს ქმნის“, - ამბობს ნიკოლოზ ურუშაძე.

როგორც მანვე აღნიშნა, თბილისში პრემიუმ სეგმენტზე მოთხოვნა იზრდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ცენტრალურ უბნებში, სადაც, ურუშაძის თქმით, ხარისხიანი პროექტების დეფიციტია.

„ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კვლავ საშუალო სეგმენტის საცხოვრებელი ბინებია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესამჩნევია მასშტაბური, უბნის ტიპის საცხოვრებელი პროექტების ზრდა. ნებართვების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა ამ მიმართულებით, რაც წინა წლებისთვის არ იყო დამახასიათებელი. ამასთან, იზრდება პრემიუმ სეგმენტზეც მოთხოვნა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, სადაც მიწოდება შეზღუდულია და ხარისხიანი პროექტების დეფიციტი აშკარად იგრძნობა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკოლოზ ურუშაძემ.

www.bpn.ge