საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებში ზრდის ტრენდი ნარჩუნდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მიხეილ ნამადოვმა - Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, მიუხედავად წითელი ზღვის კრიზისისა, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები მაინც არ კარგავს აქტუალობას და კერძო სექტორში ელიან, რომ 2025 წელს იმაზე მეტ ტვირთს გადაამუშავებენ, ვიდრე წინა წელს, როდესაც საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 მილიონზე მეტი ტონა ტვირთი გადაამუშავა.

რაც შეეხება უშუალოდ, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფებს, მიხეილ ნამადოვი ამბობს, რომ ფასები ბოლო პერიოდში დაწეულია. თუ გასულ თვეებში, 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება, 8000 ათას დოლარამდე იყო, ახლა ეს ფასი 3500-3800 დოლარის ფარგლებში მერყეობს. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ფასი თითქმის უახლოვდება იმ ნიშნულს, რომელიც წითელი ზღვის კრიზისის დაწყებამდე იყო. კერძოდ, 2024 წლის იანვრამდე, ამავე მოცულობის კონტეინერის გადაზიდვა, 3000 დოლარი ჯდებოდა.

სექტორში ტარიფებთან დაკავშირებით პროგნოზებსაც აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ თუ წითელი ზღვის კრიზისი აღმოიფხვრება და გემებს, აფრიკის კონტინენტის შემოვლით აღარ მოუწევთ გადაზიდვების განხორციელება, საშუალო ვადიან პერიოდში, ზღვით საკონტეინერო გადაზიდვების საერთაშორისო ფასი კიდევ 20%-ით დაიკლებს.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ფასების შემცირება ფიქსირდება რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვებშიც და 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ტარიფი, ამჟამად, 7500-8000  დოლარია.

რაც შეეხება მოთხოვნას სარკინიგზო გადაზიდვებზე, მიხეილ ნამადოვის განმარტებით, ეს მიმართულება განსაკუთრებით წითელი ზღვის კრიზისის დროს გახდა პოპულარული, როცა კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ზღვით საკონტეინერო გადაზიდვები რკინიგზით ჩაანაცვლა. შესაბამისად, რკინიგზის დატვირთვა დღესაც საკმაოდ მაღალია. 2024 წლის მაჩვენებლებით კი, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 14 მილიონ ტონამდე ტვირთი.

რაც შეეხება ზოგადად, როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით საქართველოს პოტენციალს, მიხეილ მანადოვი აღნიშნავს, რომ საჭირო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათ დარგში ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც აფერხებდა დარგის განვითარებას. ამიტომ, ამ ჭრილში ის თბილისის მშრალი პორტის საკითხზე საუბრობს, რომლის მშენებლობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და რომელმაც ბათუმის პორტიდან სარკინიგზო ხაზით, პირველი ტვირთი უკვე მიიღო.

Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მშრალი პორტის ამუშავებას მიესალმება და ფიქრობს, რომ მისი ქონა აუცილებელი იყო, მით უფრო, თუ საქართველოს უნდა რომ რეგიონში პოზიციონირებდეს როგორც სატრანსპორტო ჰაბი.

ცნობისთვის, თბილისის მშრალი პორტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 50 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტი არაბული კომპანია Abu Dhabi Ports Group-ის ინვესტიციებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, ანუ მშენებლობის სამივე ფაზის დასრულების შემდგომ, თბილისის მშრალ პორტს შესაძლებლობა ექნება, წელიწადში მიიღოს 200 ათასი კონტეინერი არა მხოლოდ ფოთიდან და ბათუმიდან, არამედ შუა აზიიდან, რომელიც შეინახება და გადაიტვირთება კონტეინერებში თბილისის „მშრალ პორტში" და შემდეგ ტრანსპორტირება მოხდება ბათუმის, ფოთის და მომავალში ანაკლიის პორტებში.

ბიზნესპარტნიორი