მენეჯერმა და მრჩეველმა ნიკოლოზ შურღაიამ „კომერსანტთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. ნიკოლოზმა, რომელსაც 30 წლიანი საბანკო საქმიანობის გამოცდილება აქვს, მათ შორის 5 კომერციული ბანკის დირექტორად, შეაფასა მმართველი გუნდის არგუმენტაციის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ამ მექანიზმით ხელისუფლება ქვეყანაში „შავი ფულის“ შემოსვლას გააკონტროლებს.

მისი თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გადახდილი თანხისთვის „შავი ფულის“ დარქმევა არასწორია.

„ამას მე არ დავარქმევდი შავ ფულს. ასეთი ფორმულირება არასწორია აღნიშნული დაფინანსებების მიმართ, რადგან ეს ფული მოძრაობს საბანკო არხებით, იხარჯება მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და მის მხარჯველ ორგანიზაციებს  მოეთხოვებათ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

მე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს საბანკო და არასამთავრობო სექტორებში და ასევე საქართველოს კონტროლის პალატაში. ჩემი პროფესიული გამოცდილების, ეთიკის და მორალის გადმოსახედიდან, საუკეთესო საერთაშორისო ნორმების და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის „შავი ფულის“ დარქმევა არაკეთილსინდისიერ ქმედებად მიმაჩნია."

როგორც მან განმარტა, ქართულ საბანკო სისტემაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმები არსებობს და ახალი კანონის მიღება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

„საბანკო სისტემაში არის საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმები ფულის გათეთრების წინააღმდეგ. ამ არხების მეშვეობით ბევრი რამ კონტროლდება. ამას გარდა, კონტროლის საკმაოდ კარგი ბერკეტები აქვთ ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო სამსახურს. თუ არასამთავრობო სექტორის მიერ მიღებული და დახარჯული თანხების გაკონტროლების სურვილი აქვს ვინმეს, ამის გაკეთება შესაძლებელია გონივრული ძალისხმევით. შესაბამისად, მასტიგმატიზირებელი კანონის მიღება აუცილებელი არ არის.“

„არასამთავრობოს სექტორის დონორები საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან. ამ მეგობრების მხარდაჭერით, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, ამოვედით 1990-იანი წლების საშინელებებიდან და მოვედით დღევანდელ დღემდე. ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით აშენდა ჩვენი ინსტიტუციები და გაუმჯობესდა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი. ნუ დაგვავიწყდება მეგობრების მხარდაჭერა. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მეგობრები და მხარდამჭერები მუდამ დაგვჭირდება.“

ნიკოლოზ შურღაიას აზრით მნიშვნელოვანია სხვადასხვა მოღვაწის მოტივაციის განჭვრეტა და ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შეზღუდული დროის და რესურსების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირება.

როდესაც ვინმე ამ თანხებს „შავ ფულად“ ნათლავს, უნდა დავფიქრდეთ, რა მიზეზით აკეთებს ამას. რუსეთში ამგვარი კანონის მიღებას ოპოზიციის სრული განადგურება მოჰყვა. სავარაუდოა, რომ საქართველოშიც გამოუსწორებელ ზიანს მივიღებთ.  - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

ჩანს, რომ ზოგიერთი კანონმდებელი და კეთილსინდისიერი მოქალაქე წუხს. სავარაუდოდ ისინი შიშობენ რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის სათანადოდ გამჭვირვალე, ან მათი საქმიანობა კითხვის ნიშნებს იწვევს. მართლაც, ვერ გამოვრიცხავ და უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ არსებობს არაკეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციები. ამავე დროს, ამ ფიქრის განზოგადება სიღრმისეულად არასწორია. განა ერთი პარლამენტარი, ან მინისტრი, რომ აღმოჩნდეს კორუმპირებული, როგორც ახლახან გაიჟღერა მაღალი ტრიბუნიდან, ეს ნიშნავს რომ მთელი პარლამენტი ან მინისტრთა კაბინეტი არის კორუმპირებული?

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრის ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის მათი ვისაც ამ კანონის მიღება სურს დღეს, საქართველო წინსვლას გააგრძელებს. სამომავლოდ, ჩვენი ქვეყანა მივა იმ ეტაპზე, რომ ასეთი ტიპის კანონი დაგვჭირდება. ოღონდ, ასეთი ტიპის და არა ეს კანონი. როდესაც საქართველოში იქნება ეფექტური და თანაბარი კონტროლი ყველა პარტიის დაფინანსებაზე; როდესაც პოლიტიკური საქმიანობისა და მედიისთვის არ იქნება საჭირო ისეთი დიდი სახსრები როგორიც ახლა არის; და როდესაც ხელისუფლების შტოები და სახელმწიფო ინსტიტუციები დამოუკიდებლად მოაზროვნე, სამშობლოს პირველ ადგილზე დამყენებელი და სიმართლის მთქმელი ადამიანების კონტროლქვეშ იქნება, მაშინ დადგება ამ ტიპის კანონზე ჯანსაღი მსჯელობის და მიღების დრო.

ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე სხვა პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი საზოგადოება და მეც ველით, ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის შეუქცევად გაგრძელებას და სწრაფ შედეგებს ამ მიმართებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.